ახალი ამბები

“ოცნება” 2 სადავო კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ან ODIHR-ში გადაგზავნის

23 დეკემბერი, 2020 • 1033
“ოცნება” 2 სადავო კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ან ODIHR-ში გადაგზავნის

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტით, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგოროც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოვიდა, პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდეს და კანონპროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში ან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (ODIHR) გადაიგზავნოს.

“მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე, პოლიტიკურად ყველაფერი აბსოლუტურად გამართულია და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც ბოლომდე წელში გამართულია, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რამეზე საუბრის- გნებავთ, პოლიტიკური, გნებავთ, სამართლებრივი კუთხით – მე გთავაზობთ შემდეგს: დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი, გნებავთ, ვენეციის კომისიაში, გნებავთ, ოდირში, დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე შევაჩეროთ და ვენეციის კომისიის, ოდირის ან ორივეს ერთად დასკვნის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ზუსტად იგივე ინიციატივა აქვს მმართველ გუნდს მეორე კანონპროექტზეც, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციიის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც საქართველოს მოქალაქე არაა და აგიტაციაში მონაწილეობს.

“ასეთ შემთხვევაში ამ კანონპროექტების კრიტიკის საბაბიც არ დარჩება”, – დასძინა კობახიძემ.

ამ თემაზე:

“მათრახის პოლიტიკა” – საით მიჰყავს პოლიტიკური პროცესი “ოცნების” ახალ ინიციატივებს

“ოცნების” ინიციატივების სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემურობა

მასალების გადაბეჭდვის წესი