ახალი ამბები

ვცდილობთ, აღარავინ ავუშვათ, იქიდან ჩამოსული პირები დეზინფორმაციას ავრცელებენ — კალაძე მეწყერზე

24 მარტი, 2021 •
ვცდილობთ, აღარავინ ავუშვათ, იქიდან ჩამოსული პირები დეზინფორმაციას ავრცელებენ — კალაძე მეწყერზე

თბილისის მერი კახა კალაძე მეწყერზე საუბრისას აცხადებს, რომ მედიასაშუალებებისა და მოქალაქეების ნაწილი ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.

კალაძის თქმითვე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება კი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეწყერს. სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და მიზანმიმართულად ხდება პანიკის დათესვა, რაც ცუდია. მინდა მოვუწოდო მედიასაშუალებებს, თავის შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“ ,— აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, მედიასაშუალებების ნაწილი აპელირებდა იმაზე, რომ მერიამ დამალა ეს პრობლემა ან საერთოდ არ იცოდა მის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კალაძე განმარტავს, რომ არქიტექტურის სამსახურის საიტზე (tas.ge) ეს ინფორმაცია ყველასთვის საჯაროა.

„ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას, სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს კიდევ მეწყრული ადგილები, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნებულია და მითითებულია ამასთან დაკავშირებით. არ იყო სწორი და არ არის სწორი ინფორმაცია, რასაც ავრცელებენ კონკრეტული მედიასაშუალებები“, — ამატებს ის.

თბილისის მერი დასძენს, რომ მერიამ საფრთხის გაჩენისთანავე ორმხრივად ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა და შექმნა სახელმწიფო სფეროდან ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი.

„მე ვიცი, რომ არის გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ზოგადად მეწყრულ ადგილებს სწავლობს და ბევრი ინფორმაცია აქვს. შესაბამისად, მინდა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ ამ სამუშაოში. ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან და ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა.

მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, სამუშაო ჯგუფი განაგრძობს ამ სამუშაოებს, ჩვენ მიერ მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებთან გადადგმული ნაბიჯი, რომ მოძრაობა ჩაიკეტა ორმხრივად, სამუშაოები შეჩერებულია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, ეს არის, უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილებები იქ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით“, — თქვა კალაძემ.

რაც შეეხება გერმანელი ექსპერტების ვიზიტს, კალაძის თქმით, მათ შესთავაზეს მერიას, რომ დაიწყოს გამაგრებისა და სადრენაჟო სამუშაოები — „უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები,“.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ვაკვირდებით ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს, თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით.

ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, რომ არ შევუშვათ ადამიანები იმიტომ, რომ იქიდან ჩამოსული ადამიანები ბევრ არასწრო ინფორმაციას ავრცელებენ და აქვთ მცდელობა, პანიკა დათესონ საზოგადოებაში. თუ მათ გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა, ირაკლი ბენდელიანს აქვს დავალებული ჩაგრთოთ ამ სამუშაო ჯგუფში და მიიღოთ მონაწილეობა ჩვენთან ერთად და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი“, — აცხადებს კალაძე.

ნახეთ ასევე:

“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მეწყერის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან.  ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება.

“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში

მასალების გადაბეჭდვის წესი