დღეს, 23 მარტს, დუშეთის რაიონში, გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა. ნაშალმა კლდემ ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც ხეობის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.
კლდის ჩამოშლის ფაქტი ნეტგაზეთს დაუდასტურა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმაც. მისი განმარტებით, კლდის ნაშალმა, მართალია, ჩაკეტა საავტომობილო გზა, თუმცა გზის გაწმენდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ დაწყებულა.
“არის საშიშროება იმისა, რომ მთლიანად მთა დაიძრას და მოხდეს უბედური შემთხვევა. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია”, — აცხადებს იგი.
ზურაბ სეხნიაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა, ადგილზე კვლევების დაწყების მიზნით, უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი შესაბამის სტრუქტურებში.
“სამხარაულის ექსპერტიზას მივმართე, რათა ჩატარდეს ვიზუალური, საინჟინრო და გეოლოგიური კვლევები, ასევე გავაგზავნეთ წერილი გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში. ხვალ ორივე უწყებიდან მოვლენ, შეისწავლიან ვითარებას და როდესაც მოგვცემენ ნებართვას, რომ დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები, ჩვენც მაშინ გავწმენდთ გზას”, — უთხრა სეხნიაშვილმა ნეტგაზეთს.
კლდის ნაშალი ფენამ გუდამაყრის ხეობის მესამე კილომეტრი ჩაკეტა, შესაბამისად, ხეობის ყველა დასახლებული პუნქტი [ისტორიული გუდამაყარი] გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ზურაბ სეხნიაშვილის ცნობით, ამ დროისთვის ხეობაში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.
გუდამაყრის ხეობა დუშეთის რაიონში, ისტორიულ გუდამაყარში მდებარეობს. ხეობაში მუდმივად რამდენიმე ათეული მოსახლე ცხოვრობს.