ახალი ამბები

გუდამაყარში დამეწყრილ გზას დღეს გაწმენდენ

24 მარტი, 2021 •
გუდამაყარში დამეწყრილ გზას დღეს გაწმენდენ

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გუდამაყარში დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დილიდან გუდამაყარში იმყოფებიან და ოშპიტელი – გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა, სიტუაციის შეფასების მიზნით, ოპერატიულად განახორციელეს სამიზნე არეალის პირველადი კვლევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების, კერძოდ, გზის გაწმენდის, ფერდობზე არსებული ერთეული ლოდების ჩამოშლის და შემდგომ ფერდობის დამცავი მეტალის მავთულბადის მოწყობის შესახებ”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი გუშინ ესაუბრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, ზურაბ სეხნიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გზის გაწმენდა გეოლოგების რეკომენდაციების შემდეგ დაიწყებოდა.

ფოტო გარეკანზე: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო


ხეობაში კლდის მასივი გუშინ, 23 მარტს ჩამოიშალა, რამაც ჩაკეტა ფასანაურსა და გუდამაყრის ხეობასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

სტიქიის შედეგად, 22 სოფელი ამ დრომდე იზოლირებულია. მოსახლეობას მიეწოდება ელექტრო ენერგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი