“ფაიზერის” მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში ხვალ, 24 მარტს ჩამოვა.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რომელიც დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა, ქვეყანაში ჩამოტანის შემდეგ “ფაიზერის” ვაქცინის აღნიშნული დოზები თავდაპირველად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დასაწყობდება, სადაიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება ვაქცინაციის ცენტრებში:
“ფაიზერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელიც გუშინ იქნა საბჭოს მიერ გამოცხადებული”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
გუშინ, 22 მარტს, ცნობილი გახდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების გარდა, ხელმისაწვდომი 65 წელს ზევით მოქალაქეებისთვისაც იქნება.