ახალი ამბები

მზად ვარ, ავიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით — ტიკარაძე

19 მარტი, 2021 •
მზად ვარ, ავიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ის მზადაა, აიცრას “ასტრაზენეკას” ვაქცინით. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 19 მარტს, “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, რადგან საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, ის ჩინური ვაქცინით აცრას გეგმავდა.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაიღუპა 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი საინფორმაციო კამპანიის ცვლილებაზე და 22 მარტისთვის გახდება ცნობილი, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით.

“მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ვაქცინაცია ეს არის ერთადერთი სწორი გზა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე საზოგადოებას”, — განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა აიცრას “ასტრაზენეკას” ვაქცინით, ტიკარაძემ უპასუხა:

“დიახ, მათ შორის, “ასტრაზენაკას” ვაქცინით”.


27 წლის ექთანმა მეგი ბაქრაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა 18 მარტს გაიკეთა, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში მოსახლეობას მოუწოდა ვაქცინაციისკენ. ამ შემთხვევიდან ნახევარ საათში მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმები აცხადებენ, რომ  დაღუპვის სავარაუდო მიზეზია ანაფილაქსიური შოკი, იგივე მწვავე ალერგიული რეაქცია. ექიმებისვე ინფორმაციით, ანაფილაქსიური რეაქცია ნებისმიერი მედიკამენტისა და ვაქცინის ერთ-ერთ, თუმცა იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გამყრელიძე: მეგი ბაქრაძე საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი