ახალი ამბები

ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად – რატიანი 27 წლის ექთანზე

18 მარტი, 2021 •
ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად – რატიანი 27 წლის ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, 27 წლის ექთნის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება.

საუბარია ახალციხელ ექთანზე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

რატიანის თქმით, ამ დროისთვის ექთანი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია შოკი, უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი.

“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული კვლევები, ასევე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქ იყო დაუზუსტებელი შოკი, სავარაუდოდ. იცით, რომ გაკეთდა ინექცია ვაქცინით და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება”,- განაცხადა რატიანმა.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი