ახალი ამბები

“ჩვენ ჯერ DCFTA-ზე ვართ ფოკუსირებული” — ევროკომისარი საქართველოს განაცხადზე 2024 წლისთვის

16 მარტი, 2021 •
“ჩვენ ჯერ DCFTA-ზე ვართ ფოკუსირებული” — ევროკომისარი საქართველოს განაცხადზე 2024 წლისთვის

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით მიმართოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა, განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ამ განაცხადზე. ჯერჯერობით ჩვენ ფოკუსირებული ვართ DCFTA-ის იმპლემენტაციის დაჩქარებაზე”, — განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა საქართველოს და ევროკავშირის მზაობას 2024 წელს საქაღთველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.

როგორც ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.

“ამ კონტექსტში პოზიტიურად აღვნიშნეთ საჯარო სერვისების მიწოდებასა და შრომის უფლებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ხაზი გავუსვით რეფორმების გაგრძელების საჭიროებას სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის კუთხით”, – განაცხადა ვარჰეიმ.

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების კომენტირებისას ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ორივე მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პრინციპებთან თანხვედრაში მყოფი გამოსავლამდე მიგვიყვანს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი