ჟურნალისტი და „რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის ინიციატივით წარდგენილი დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ეხება.
“განსახილველად წარდგენილია მრავალი საკითხი, მათ შორის სანქციები და ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე გაიგზავნა თხოვნა ევროკომისიაში, მოამზადონ ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერების შესახებ”, – დაწერა ჟურნალისტმა X-ზე.
ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ივლისში გაიმართება, საკითხს თავიდან განიხილავენ.
ამავე პოსტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგაერო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი გამოეხმაურა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის – ზურა ჯაფარიძისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის მისჯას.
პოსტშივე აღინიშნება, რომ განიხილება მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაც.
“კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს ოპოზიციის პოლიტიკოსებისთვის შეფარდებული სასჯელები არაპროპორციულია და აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე სანქციების დაწესებაც შესაძლებელია. საკითხს კვლავ დაუბრუნდებიან ივლისში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეიკრიბებიან”, – წერს იოზვიაკი.