დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს „დოჰას“ ტურნირში გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ საზოგადოება მას „კორტნის“.
ელისაშვილი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ამბობს:
„ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს“.
„შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერი… ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს არის სპორტიც, ხელოვნებაც, პოლიტიკაც… დიდი მადლობა მსურს გადავუხადო, როგორც ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა მეორე ქართველს, თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს სახელი გაიტანა მთელ მსოფლიოში.
მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა – წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ განსაკუთრებული ჟინით და ახალგაზრდა კაცსაც ძალიან ბევრი ასე უტევდა. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში მის მცირეწლოვან შვილს მიმართა და წარმატება მოულოცა. ამის მოსმენით ალბათ ყველანი გულაჩუყებული ვიყავით“, – აცხადებს ელისაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბასილაშვილზე და მის ოჯახზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.
სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.