ახალი ამბები

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

9 მარტი, 2021 • 1587
რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

“სტრატეგიული ობიექტი და სტრატეგიული პროექტი მთლიანად კონფიდენციალურად დაიწყო და ხორციელდება. ჩვენ არ ვიცით, დღემდე როგორ შეირჩა კომპანია ენკა, ჩვენ არ ვიცოდით, რა პირობებით იყო გაფორმებული შეთანხმება სახელმწიფოს და ენკას შორის.

ჩვენ დღემდე არ ვიცით, სად არის ხელმისაწვდომი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა,  სად არის ხელმისაწვდომი იუსტიციის სამინისტროს დასკვნა და უკვე აქ ახსენეს ხარჯთსარგებლიანობა, დოკუმენტი, რომელიც არის მთავარი დოკუმენტი და უნდა იყოს მომზადებული, არავის არ უნახავს. თუ ის არის ხელმისაწვდომი, გვითხარით, სად. კონფიდენციალობა იყო მთავარი პრობლემა, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება იყო გამორიცხული ამ პროცესიდან”, – ეს განცხადება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლინა ღვინიანიძემ საქართველოს პარლამენტში გააკეთა.

დღეს, 9 მარტს, საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტარები ნამახვანი ჰესის შესახებ მინისტრებს უსმენენ. საკომიტეტო მოსმენას ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.

ლინა ღვინიანიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ორგანიზაციებს, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება მოეპოვებინათ.

“როცა ძალიან დიდი ძალისხმევით, შეთანხმება გახდა ჩვენთვის ცნობილი, დავინახეთ, რომ უბრალოდ გამორიცხული კი არ იყო საზოგადოება, მაღალი ალბათობით ეს შეთანხმება არის საჯარო, სახელმწიფოებრივი ინტერესების დათმობით დადებული კერძო კომპანიის სასარგებლოდ. და ყველა პუნქტი, რომელიც ამ შეთანხმებაშია, ამას მიუთითებს და არცერთი მუხლი- საწინააღმდეგოს  არა. რატომ მოაწერა ხელი სახელმწიფომ ამ შეთანხმებას, იმ პირობებით, რა პირობებითაც ის არის დადებული?”, – დასვა კითხვა ლინა ღვინიანიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიც არის დანაკარგების, სარგებლის და ზიანის შეფასება, ამაზე მსჯელობაც კი არ მიდის. ასევე,  არცერთი არგუმენტი სამინისტროების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

“ახლა ნამახვან ჰესის კავშირზე ენერგოდამოუკიდებლობასთან. შეთანხმებით ძალიან ცხადად წერია, რომ ენკას 15 წლის შემდგომ აქვს სრული უფლება განკარგოს თავისუფლად ელექტროენერგია, მათ შორის გაიტანოს სრულად ექსპორტზე. ამიტომ, მინისტრის მითითება, რომ ქვეყანა აკონტროლებს გადამცემ ხაზებს, ან არსებობს დისპეტჩერიზაციის რეგულაციები, ამას არანაირი კავშირი არ აქვს უფლებასთან. ენკას ყველა შემთხვევაში შეთანხმებით აქვს უფლება, ეს ენერგია გამოიყენოს ისე, როგორც მას უნდა 15 წლის შემდეგ და არცერთი ჩამკეტი მექანიზმი შეთანხმებით გათვალისწინებული არ არის. შეთანხმება ყველა ნაწილში სრულად მთავრობას აზღვევინებს როგორც პოლიტიკურ, ისე კომერციულ და ბიზნესრისკებს.

ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ენკასთვის ეს არის წაუგებელი შეთანხმება. არ არსებობს ბიზნესრისკი, რომელიც ენკამ გასწია. ყველა, მათ შორის ბიზნესრისკები დააზღვია სახელმწიფომ. ფორსმაჟორის ნაწილში, სამართლის, საგადასახადო ცვლილების, ბაზრის ცვლილების ნაწილშიც კი საბაზრო რისკები დაზღვეული აქვს მთავრობას განუსაზღვრელი ოდენობის თანხებით”, – უთხრა ლინა ღვინიანიძემ დეპუტატებს და მინისტრებს.

თავის გამოსვლაში მან ასევე ხაზი გაუსვა  ხელშეკრულების შეწყვეტის რეგულაციას.

“ნახეთ, რა წერია შეთანხმებაში – ხელშეკრულება წყდება ენკას გამო თუ მთავრობის გამო, ალბათ, კარგი კითხვაა, დავსვათ, ვინ იხდის ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში იხდის სახელმწიფო. ეს არის მთავარი პრობლემა. ხელშეკრულების შეწყვეტა ვის გამო მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა შემთხვევაში იხდის სახელმწიფო.

რაც შეეხება დასაქმებას და სოციალურ დაცვას. მთელი ეს დრო, პირდაპირ ვიტყვი, მანიპულირებდა დასაქმების მყარი გარანტიებით, მათ შორის სამინისტრო ამბობდა, რომ კომპანია დაასაქმებს ადამიანებს. თუმცა შეთანხმების ტექსტი სრულიად სხვა რამეს ამბობს და ამბობს რას –  უკვე აღიარა სამინისტრომ, რომ არანაირი ვალდებულება ენკას არ აქვს აღებული, რომ დაასაქმებს საქართველოს მოქალაქეებს. მთელი რიგი პირობები უდევს, რა პირობებშიც ის დაასაქმებს. თუ მათ ექნებათ კვალიფიკაცია და თუ ისინი ყველაზე იაფ შრომას დათანხმდებიან, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მათი დასაქმება.

ანუ, ეს რას ნიშნავს: ერთი, რომ სახელმწიფო მთელი ეს დრო აქამდე იტყუებოდა და არანაირ გარანტია ენკას ამაზე აღებული არ ჰქონდა და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ ხელი მოაწერა შრომითი ექსპლუატაციის პრაქტიკის გაგრძელებას, რაც ისედაც ძალიან დიდი პრობლემაა ამ ქვეყანაში. მან ენკას უთხრა, რომ დაასაქმე, თუ კვალიფიკაცია აქვს და მაღალი ალბათობით ეს იქნება დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი, დაასაქმე ყველაზე იაფად. ეს არის შრომითი ექსპლოატაციის პრაქტიკის წახალისება, ჩვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან. არცერთი მყარი გარანტია სოციალური დაცვის ხელშეკრულებაში არ არის. ბევრი კითხვა დავსვით, ყველაზე გვინდა პასუხი. ასევე გვინდა გვიპასუხოთ, რატომ მოაწერა სახელმწიფომ ხელი ასეთ მძიმე შეთანხმებას, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ”, – თქვა ლინა ღვინიანიძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელს უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

„არ ვეთანხმებით შეფასებას, რომ ხელშეკრულება რაიმე სახით არღვევს სახელმწიფო უფლებებს. პროცესი დახურულიაო – ბრძანებდნენ და ჩვენ ხელშეკრულება გამოქვეყნებული გვაქვს. პროცესი დახურულიაო. ხელშეკრულება არის საჯარო. როდესაც მას გამოითხოვთ, ყოველთვის მიიღებთ. დღეს პირდაპირ საიტზე გვიდევს. მტკიცება იმისა, რომ სადღაც მოიპოვეთ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორ შეირჩა კომპანია და ამაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, გიორგი ჩიქოვანს ვთხოვ განმარტებას. სადაა იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროს დასკვნაო. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ არის დამტკიცებული თითოეული დოკუმენტი. ეს ნიშნავს, რომ თითოეული წევრი მთავრობის ამ დოკუმენტს იცნობდა და ეთანხმებოდა. არ მესმის, სად არის სახელმწიფოს ინტერესები დათმობილი. თქვენ თუ გაინტერესებთ რამე ფინანსური საკითხები, არსებობს ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, გაკეთებული მსოფლიო ბანკის მიერ, ამაზეც გიორგი ჩიქოვანი ისაუბრებს”, – თქვა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ასევე გამოეხმაურა 15 წლის შემდეგ ელექტროენერგიის საქართველოსთვის მიყიდვის ვალდებულების არარსებობას.

“თქვენ თუ კითხულობთ, რომ 15 წლის შემდეგ სად წაიღებს ელექტროენერგიას, აქ მეც, მსგავსად ვახტანგ ჭარაიას, და მინდა გარკვეულ შეუსაბამობაზე მიგითითოთ. ერთი მხრივ, კითხულობთ, 15 წელი რატომ ყიდულობთო, მეორე მხრივ, კითხულობთ 15 წლის შემდეგ რატომ არ ყიდულობსო.

განვმარტავ – 15 წელი, ეს არის სტანდარტული, ათობით ჰესზე არის გაცემული, 8- თვიანი – 12- თვიანი. რამე განსაკუთრებული აქ არ არის. 15 წლის შემდეგ, რაღაც მომენტში, ჩვენ ყველანი დერეგულირებული ბაზრისკენ ვისწრაფვით და ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების  ნაწილში აღებული პასუხისმგებლობა. 15 წლის შემდეგ ეს დერეგულირებულია. ქვეყნიდან ვერ გაიტანს დისპეტჩერის ნებართვის გარეშე და ეს ნათლად არის მითითებული.

თქვენი კითხვა იყო, აზღვევთ კომერციულ რისკებსო და ჩვენ არ ვაზღვევთ. კომერციული რისკების დაზღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენ თუკი ავიღებდით ჩვენს თავზე ჰიდროლოგიის დაზღვევას, ანუ წყალი აქვს თუ არ აქვს, იმუშავებს თუ არ გამოიმუშავებს, მაინც ვუხდით ფულს. აქ მსგავსი რამ გაკეთებული არ არის. რაც შეეხება იმის რისკებს, რომ პოლიტიკური ფორსმაჟორი არ მოხდება და არეულობა, ეს ზოგადი სტანდარტია. იმიტომ, რომ ნებისმიერი ინვესტორი როცა შედის ქვეყანაში, განსაკუთრებით- ჩვენს რეგიონში, განვითარებად ქვეყანაში, ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მშვიდი ვითარება უზრუნველყოს მის სამუშაოდ.

იგივე კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, თქვენ როგორც იურისტი, ალბათ არაერთი საერთაშორისო კონტრაქტი მოგეპოვებათ, იგივე ანაკლია ავიღოთ, ან ნებისმიერი სხვა, სადაც, რა თქმა უნდა, ინვესტორმა უნდა იგრძნოს, რომ 5-10 წლის შემდეგ არ შეიცვლება საინვესტიციო გარემო. ისე, რომ რაც მან თავიდან დათვალა, რომ 15 წელიწადში ამოიღებს თავის კაპიტალს, ეს ვერ შეძლოს.

დასაქმებასთან დაკავშირებით, დიახ, ეს არ არის პირდაპირ ჩაწერილი ვალდებულება, მაგრამ ეს რეალური ფაქტია. რატომ შემოდიან ინვესტორები ჩვენთან და რატომ შემოვიდა ენკა. მათ შორის იმიტომ, რომ შედარებით ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა არის საქართველოში. დღესაც, ფაქტი რომ ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზეა პროექტი, 300-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ჰყავთ დასაქმებული. აქედან 191 -ხეობის მაცხოვრებელი. ასევე ღიად აცხადებს კომპანია, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მშენებლობის პროცესში 1600 საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებს. შემდგომში 200 სამუშაო ადგილი ექნება“, – თქვა ნათია თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი