2021 წლის შემოდგომაზე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პარტიამ ამ პროცესისთვის მზადება უკვე დაიწყო.
„მსჯელობა გვქონდა, ძირითადი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებს ეხებოდა, ტექნიკური საკითხები გავიარეთ. რაც შეეხება მერებს, ამაზე შემდეგ ეტაპზე გვექნება მსჯელობა. საზოგადოება ამას აუცილებლად გაიგებს. სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს. ესეც პროცესია ჩვეულებრივი, ჯერ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ.
მანამდეც ასე ვიღებდით მონაწილეობას და უფრო მეტი დრო გვაქვს, რომ უკეთ ავწონ-დავწონოთ, ვინ იქნება მისაღები ამა თუ იმ რეგიონში მერებად წარსადგენად“, — ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, წარადგენენ თუ არა კვლავ კახა კალაძეს თბილისის მერად, ყაველაშვილი პასუხოსბ:
„ამასაც, ალბათ, არ დავასწრებ მოვლენებს და ყველაფერს გაიგებთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეული მერი ჰყავს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახი კალაძე, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს“, — ამბობს ყაველაშვილი. ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე კი დასძენს, რომ მსჯელობა ამაზე არ ყოფილა და „თბილისსაც ეხება ეს თემა“.
გარეკანის ფოტო: 2020 წელს „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.