ახალი ამბები

“ადამიანმა თავის დაცვის უფროსს დაურეკა და ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია” – კაჭარავა ბერას ინტერვიუზე

10 მარტი, 2021 • 1566
“ადამიანმა თავის დაცვის უფროსს დაურეკა და ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია” – კაჭარავა ბერას ინტერვიუზე

პარლამენტის წევრი, ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებში საუბრის არსებობა დაადასტურა.

ასე გამოეხმაურა კაჭარავა ტელეკომპანია „იმედზე“  ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

“მანამდე რასაც ვფიქრობდი, რეალურად ის დაადასტურა მისმა სიტყვებმა, რომ ეს იყო 10 წლის წინ ჩანაწერი. ადამიანმა თავის დაცვის უფროსს დაურეკა და ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ასეთი საუბარი იყო. კონკრეტულად ეს იყო თუ არა ფაბრიკაცია, ასეთი პასუხი მას არ გაუცია”, — განუცხადა “ტვ პირველს” დავით კაჭარავამ.


გუშინ, 9 მარტს „იმედზე“ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ პირველად ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ არ ისაუბრებს ჩანაწერების ავთენტურობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ დღესაც იგივეს იზამს, თუ ვინმე მის ოჯახს შეაგინებს:

“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

ბერა: დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ

მასალების გადაბეჭდვის წესი