ახალი ამბები

ბერა: დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ

9 მარტი, 2021 •
ბერა: დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აცხადებს, რომ ტელეკომპანია “პირველის” გავრცელებულ ჩანაწერებში შემდგარი საუბრები 2011 წელს შედგა, როდესაც თავად 15-16 წლის იყო.

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი და მისი მხარდამჭერების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის კამპანიას და იძულებული იყო აღნიშნული ფაქტების შესახებ დაცვის სამსახურისთვის ეცნობებინა, რომლის წარმომადგენლებიც, ბერას განცხადებით, “ყველა კანონის, ეთიკისა თუ მორალის” წესების დაცვით მიდიოდნენ ამ ადამიანებთან და სიტყვიერად აფრთხილებდნენ:

“ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულში. მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები ჩემი მისამართით , ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა.

იქ იყო მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული  სურათები,  იქ წერდნენ ბავშვებს, ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს,  ბერას კიბო აქ… ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, ვერც კი გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვანზე, ამ საუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი “იმედთან” საუბრისას.

კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარს არ დაიწყებს, რადგან დღესაც იმავე პოზიციაზეა და თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც მოსთხოვს:

“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი