ახალი ამბები

საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით – ENKA

8 მარტი, 2021 • 1180
საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით – ENKA

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელმაც ნამახვანი ჰესი უნდა ააშენოს, აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეუჩერებიათ.

„კომპანია აგრძელებს კომპლექსურ მუშაობას, საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვების აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვანის ნაწილს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

„ნეტგაზეთი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით დღეს წერდა, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს, 8 მარტს, ხეობაში მძიმე ტექნიკა არ მუშაობდა.

სამუშაოების შეჩერების პირობა 5 მარტს ადგილობრივებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დადო. მინისტრი ადგილობრივებს დიალოგის აუცილებლობაში არწმუნებდა და ამბობდა, რომ ის კომპანიას სთხოვდა პაუზის აღებას.

„რაც შეეხება იმას, რომ ამ თუნდაც პირველი შეხვედრის ფონი უნდა იყოს გარკვეული პაუზა, ასე ვთქვათ, რაკიღა ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროექტის ბედზე, ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და ვთხოვთ ამის გაკეთებას. მართლაც სწორი იქნება ალბათ, რომ არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, არამედ მშვიდ ვითარებაში, თუკი მალე ჩაინიშნა ეს შეხვედრა, ჩვენ შევხვდეთ და ვისაუბროთ“, – თქვა ნათია თურნავამ 5 მარტს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომპანია „ენკა რინიუებლზს“ კომუნიკაცია სამინისტროებთან და როგორი იყო კომპანიის პოზიცია სახელმწიფოსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის 12 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკების შესახებ.

„კომპანიასა და და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის არსებობს მუდმივი კომუნიკაცია, ვინაიდან ნამახვანის ჰესების კასკადი წარმოადგენს სტრატეგიულ, სახემწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტს და მისი განხორციელება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მაღალი ჩართულობის გარეშე.

კომპანია წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში სხვადასხვა ფორმით – იქნება ეს პირისპირ შეხვედრები, ხეობაში გახსნილი საინფორმაციო ცენტრების მიერ ინფორმაციის მიწოდება, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი საკონსულტაციო საბჭოები, საჯარო განხილვები და სხვა. კომპანია მიესალმება სამინისტროების მიერ გამოხატულ ინიციატივას და მადლობელია როგორც უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, ასევე, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის“, – ნათქვამია „ენკა რინიუებლზის“ მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მოწოდებულ წერილობით კომენტარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი