ახალი ამბები

მინისტრები რიონის ხეობის მცველებთან დიალოგის წინ კომპანიას სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ

5 მარტი, 2021 • 1728
მინისტრები რიონის ხეობის მცველებთან დიალოგის წინ კომპანიას სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ

ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები ამ წუთებში [17:00 საათი] ნამოხვანში რიონის ხეობის დამცველებს ხვდებიან.

შეხვედრას ესწრება საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი და ის ადამიანები, ვინც 131 დღეა ღამეს კარვებში ათევს.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეხვედრის დასაწყისში თქვა, რომ მართალია, დაგვიანდა ხელისუფლების მხრიდან დიალოგი, მაგრამ ახლა მზად არიან ხალხს მოუსმინონ. ნათია თურნავას დაეთანხმა გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ასევე დიალოგის მზაობა გამოთქვა.

“აუცილებელი პირობაა, რომ უნდა შეჩერდეს სამუშაოები. თუ გაგრძელდა, ეს გულისხმობს იმას, რომ შენდება. ჩვენ გვინდა ისეთ დიალოგში მონაწილეობა, სადაც მართლა დაბალანსებული იქნება აშენება – არაშენების ნაწილი. თუკი კომპანია აგრძელებს მუშაობას, ეს ემოციურ ფონს წევს ადამიანებში და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მაინც გადაწყვეტილი აქვს ჰესის აშენება. მაშინ რისთვის ვხვდებით, ეს უკვე გაუგებარია. შეჩერდეს მუშაობა იქამდე, ვიდრე დავნიშნავთ პირველ საჯარო შეხვედრას და შევთანხმდეთ ფორმატზე, რაც იქნება, ჩვენ ვართ ამაზე თანახმა”, – უთხრა ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრს.

ეკონომიკის მინისტრმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ სანამ მოლაპარაკებები გაიმართება, ნამახვანი ჰესის სამუშაოები შეჩერდება.

“რაც შეეხება იმას, რომ თუნდაც პირველი შეხვედრის ფონი, უნდა იყოს გარკვეული პაუზა, ასე ვთქვათ, რაკიღა ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროექტის ბედზე. ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და ვთხოვთ ამის გაკეთებას. მართლაც სწორი იქნება, ალბათ, რომ არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, არამედ მშვიდ ვითარებაში, თუკი მალე ჩაინიშნა ეს შეხვედრა, ჩვენ შევხვდეთ და ვისაუბროთ.

მერე კი გვაქვს იმედი, რომ ან ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ისე მოგაწვდით, რომ პროექტი ამ ფორმით არ არის საფრთხის მომტანი. ასევე, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია პროექტი და იქ ბევრი რამ შევცვალოთ. თქვენი ჩართულობის კუთხითაც, კვლევების გაძლიერების კუთხითაც, ხეობის წინაშე ინვესტორის პასუხისმგებლობის კუთხითაც და სახელმწიფო ინტერესების დაცვის უფრო მკაფიო მექანიზმების კუთხითაც”, – თქვა ნათია თურნავამ.

საბოლოოდ მხარეები დიალოგის ფორმატზე შეთანხმდენენ, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე  ან მომდევნო კვირაში უნდა დაიწყოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი