ახალი ამბები

ნამახვანჰესის სამუშაოები შეჩერებულია, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები იწყება

8 მარტი, 2021 • 2446
ნამახვანჰესის სამუშაოები შეჩერებულია, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები იწყება

რიონის ხეობაში კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩერა. სამუშაოების შეჩერება მინისტრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის  5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

„რიონის ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. ხვალ საკომიტეტო მოსმენაა პარლამენტში, ასევე, პარასკევს ქუთაისში იქნება სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ვარლამ გოლეთიანმა, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორია.

8 მარტის მონაცემებით ისევ ძალაშია 14 მარტს ქუთაისში დაგეგმილი აქცია.

„მოლაპარაკებებზეა აქციის გამართვის საკითხი დამოკიდებული. თუ წაიღებენ უკან და დაკმაყოფილებული იქნება ჩვენი მოთხოვნები, ამ შემთხვევაში აქცია აღარ ჩატარდება. თუ არ შესრულდება, რა თქმა უნდა, აქცია იქნება.

ჩვენი მოთხოვნაა, გამოცხადდეს ნამახვან ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმი, ნულოვან ნიშნულზე დავიდეთ და მერე დავიწყოთ საუბრები. ნულოვან წერტილზე დაბრუნება გულისხმობს იმას, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს ხეობა“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მანამ, სანამ ხელისუფლება ხეობის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება, სოფელ ნამახვანში პროტესტი გრძელდება. უკვე 134 ღამეა მოქალაქეები რიონის პირას, კარავში ათევენ ღამეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ დადებითი შედეგი არ იქნება მიღწეული.

რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობას თვეებია აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ, დატოვოს ხეობა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“,  გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.

28 თებერვალს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 2-კვირიანი ვადა მისცეს თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აქციის შემდეგ ნამახვანი ჰესის საკითხი ჯერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაისმა, 4 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. პრემიერმა ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებს რეგიონში ჩასვლა და საკითხის ადგილზე შესწავლა დაავალა.

მთავარი ფოტო: რიონის ხეობის გადარჩენისთვის ფეისბუქ გვერდიდან

ამავე თემაზე:

საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით – ENKA

მასალების გადაბეჭდვის წესი