ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ნათელი დღეები წარსულში დარჩა” , – დევნილი ქალი ჰადრუთიდან

8 მარტი, 2021 • 765
“ნათელი დღეები წარსულში დარჩა” , – დევნილი ქალი ჰადრუთიდან

ავტორი: ჟურნალისტი ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


ნარინეს ოჯახმა ჰადრუთში სახლი ყარაბაღის 44- დღიანი ომის დროს დატოვა. მას შემდეგ მრავალსულიანი ოჯახი ერევანში ცხოვრობს. ჰადრუთი და, შესაბამისად, სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა.


ჰადრუთიდან ვართ, სოფელ მეწ თაგერიდან. 27 სექტემბერს, დილით ადრე სროლის ხმები გავიგეთ, ბავშვებმა გაიღვიძეს. შეგვეშინდა და ქვემოთ ჩავედით. აფეთქების მსგავსი ხმების შიში ამ დრომდე გვაქვს.

ჩვენი სახლი ძველი იყო – კედლები ნესტიანი, ბნელი ოთახები, მაგრამ მაინც ჩვენი სახლი იყო და კარგად ვცხოვრობდით. 18 წელი ვიცხოვრეთ იქ. ამ წელს, როგორც იქნა, სახლში რემონტი დავიწყეთ. ჩემი 15 წლის შვილები მშენებლობაზე მუშაობდნენ, რომ ხელფასით რემონტი გაგვეკეთებინა. ახალი კარები ვიყიდეთ. საპირფარეშო არ გვქონდა და, როგორც იქნა, ესეც გავაკეთეთ. აგვისტოს დასაწყისიდან ომის დაწყებამდე რემონტს ვაკეთებდით. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვინდოდა და საბოლოოდ მაინც დავკარგეთ.

სროლის დროს ამ ჩვენს გარემონტებული სახლში დავრბოდით, სანამ ჩემმა ქმარმა არ დარეკა და გვითხრა, რომ თავშესაფარში გავქცეულიყავით. ჩამოვედით სტეპანკერტში, სადაც გავიგეთ, რომ მანქანები ერევანში გადიან.

არაფერინ გვქონდა თან, არც საბუთები, არც ფული. მე და ჩემი ხუთი შვილი და ავადმყოფი მამამთილი ჩავსხედით მანქანაში და ერევნისკენ წამოვედით. თავიდან ნათესავებთან ვრჩებოდით, ერთი თვე- ერთ ოჯახში, მეორე თვე – მეორე ოჯახში. ახლა სასტუმროში ვართ.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ დევნილებს სასტუმროებში ანაწილებდნენ. იქ საკვებიც კი უფასო იყო. სამწუხაროდ, იმ დროს ყველა სასტუმრო დაკავებული იყო.

ჩემი ქმარი ომში დაიჭრა. თავში ესროლეს. იმის მერე უუნაროა. ახლა აქ არის ჩვენთან ერთად. მე მუშაობა დავიწყე, თუმცა არც მე მიწყობს ჯანმრთელობა ხელს, მაგრამ იძულებული ვარ ოჯახი ვარჩინო. 3000 დრამს მიხდიან. ეს ფული მხოლოდ პურის საყიდლად გვყოფნის, სხვა არაფერზე.

ჩემი უმცროსი შვილიც ავადაა. გულზე ორი ოპერაცია აქვს გადატანილი.

4 ნოემბრამდე ჩემი ძმა ომში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ოფიცერი იყო. ჯარისკაცები ჰყვებიან, რომ  სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა. მათი თქმით, ერთ-ერთი შეტევის დროს თავში დაჭრეს და დაეცა.

ამ დრომდე მისი ცხედარი არ არის ნაპოვნი. მისი სხეულის ერთი ნაწილი მაინც, ხელი ან ფეხი რომ გადმოეცათ ჩვეთვის, ბედნიერი ვიქნებოდით. ფაქტიურად მე გავზარდე ჩემი ძმა, ახლა მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ყოველდღე მამის დაბრუნებას ელოდება.

ჩემს ქმარს ახლა მუშაობა არ შეუძლია, ძლიერი თავის ტკივილები აქვს. ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება. ამდენი ფული მე არ მაქვს. 3000 დრამი მხოლოდ პურზე გვყოფნის.

გუშინ ჩემი უმცროსი შვილის დაბადების დღე იყო. ერთი კანფეტიც ვერ ვუყიდე ბავშვს.

ჰადრუდთში ღმერთს ვთხოვდი კარგ და ნათელ დღეებს, თურმე ნათელი დღეები უკან მოგვრჩა.

44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები გაცვლიდნენ სამხედრო ტყვეებსა და გარდაცვლილთა სხეულებს.  თუმცა ჯერჯერობით არ დასრულებულა სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი