ახალი ამბები

“ამერიკა დაბრუნდა” – ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ძირითადი გზავნილები

5 თებერვალი, 2021 • 2482
“ამერიკა დაბრუნდა” – ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ძირითადი გზავნილები

“პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ, ჩემი წინამორბედისგან ძალიან განსხვავებული მანერით ვუთხარი, რომ დღეები, როდესაც აშშ თვალს ხუჭავდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე… დასრულდა”, – ეს ერთ-ერთი საკვანძო ციტატაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნულ საკითხზე ბაიდენი პრეზიდენტის რანგში სიტყვით პირველად გამოვიდა. მან დონალდ ტრამპის სახელის პირდაპირ ხსენების გარეშე ისაუბრა წინამორბედის მემკვიდრეობაზე და ზიანზე, რომელიც, მისი აზრით, გასულ წლებში აშშ-ის რეპუტაციას საერთშორისო ასპარეზზე მიადგა.

“დიპლომატია დაბრუნდა”

ჯო ბაიდენის განცხადებით, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, შესაძლებლობების ლიდერობა და კანონის უზენაესობის პატივისცემა არის ის ფასეულობები, რომლებიც აშშ-ის “გლობალურ ძალასა” და “მტკიცე უპირატესობას” განაპირობებს მსოფლიოში.

“ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა. თქვენ ხართ იმ ყველაფრის ცენტრი, რის გაკეთებასაც მე ვაპირებ. თქვენ ხართ ამ ყველაფრის გული”, – მიმართა ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ალიანსები ქვეყნის ყველაზე დიდი ქონებაა. ბაიდენის განცხადებით, დიპლომატიით მართვა გულისხმობს როგორც ვაშინგტონის მოკავშირეების გვერდში დგომას, ისე დიპლომატიურ ნაბიჯებს კონკურენტებთან და მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობისას მაშინ, როცა ეს აშშ-ის ინტერესებსა და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას სჭირდება.

გზავნილები რუსეთის მიმართ

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ბაიდენი არ მორიდებია ხისტ განცხადებებს რუსეთის მიმართ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებების მიმართ აშშ-ის მიდგომები აღარ იქნება ისეთი, როგორიც დონალდ ტრამპის მმართველობის დროს იყო.

“პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ, ჩემი წინამორბედისგან ძალიან განსხვავებული მანერით ვუთხარი, რომ დასრულდა დღეები, როდესაც აშშ თვალს ხუჭავდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ჩვენს არჩევნებში ჩარევაზე, კიბერშეტევებზე, თავისი მოქალაქეების მოწამვლაზე”, – განაცხადა მან.

ბაიდენის განცხადებით, აშშ არ მოერიდება რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას და ამერიკის ინტერესების დაცვას. მან მოსკოვს მოუწოდა, გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც მიმდინარე კვირაში რუსეთის სასამართლომ 3.5- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა:

“ბატონი ნავალნი, ისევე, როგორც რუსეთის ყველა მოქალაქე, აღჭურვილია რუსეთის კონსტიტუციით დაცული უფლებებით. ის მიზანში ამოიღეს კორუფციის მხილებისათვის და დაუყოვნებლივ, წინაპირობების გარეშე უნდა გათავისუფლდეს”.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას მოსკოვის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საკითხიც დააყენა.

ომი იემენში

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ წყვეტს იემენში საუდის არაბეთის თაოსნობით მიმდინარე სამხედრო  კამპანიის მხარდაჭერას.

“ეს ომი უნდა დასრულდეს”, – მიმართა ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ აღნიშნულმა კონფლიქტმა “ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა” მოიტანა.

კოალიცია, რეგიონის გავლენიანი მოთამაშის – საუდის არაბეთის – ხელმძღვანელობით, იემენზე საჰაერო დარტყმებს 2015 წლიდან ახორციელებს. კამპანიის გაცხადებული მიზანი ქვეყანაში ამბოხებული ჰუსიტების განეიტრალებაა, რომელთაც 6 წლის წინ საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი ჩამოაგდეს და იემენის დედაქალაქი დაიკავეს.

ავიადარტყმებით განადგურებული შენობა სანააში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB

ამ პერიოდში იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, კრიზისის დროს დაღუპულ 233 000 იემენელს შორის 60%-ს მცირეწლოვანი ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი შიმშილის ზღვარზეა.

სამხედრო კამპანიას ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმთავითვე მიემხრო, თუმცა დემოკრატმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში მისი საქმიანობის უკანასკნელ პერიოდში მხარდაჭერა შეამცირა. შემდგომი, 4 წლის მანძილზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებოდა ამერიკის გამოსვლას კონფლიქტიდან.

აშშ-მა საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მიჰყიდა ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი, რომელიც იემენის ომში გამოიყენეს. ბაიდენის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული გაყიდვების შეჩერება იყო.

საპრეზიდენტო კამპანიისას ბაიდენი მწვავედ აკრიტიკებდა საუდის არაბეთს და იემენში მიმდინარე ოპერაციისას “ბავშვების მკვლელობაში” ადანაშაულებდა მას.

სანქციები მიანმარს, სადაც გადატრიალება მოხდა

ჯო ბაიდენი შეეხო მიანმარსაც, სადაც მიმდინარე კვირის დასაწყისში არმიამ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და პოლიტიკური ლიდერები სხვა პოლიტიკოსებთან ერთად დააპატიმრა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ადეკვატურ რეაგირებაზე, რომლის მომზადებაში უნდა ჩაერთონ როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, და აიძულონ მიანმარის არმიას, დაასრულოს გადატრიალება. ბაიდენის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე ჰქონდა სენატის რესპუბლიკელების ლიდერთან, მიჩ მაკკონელთან.

თავის მხრივ, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა მედიას უთხრა, რომ თეთრი სახლი მუშაობს მიანმარის არმიის წარმომადგენლებისა და რიგი უწყებების მიმართ გასატარებელ სანქციებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი