ახალი ამბები

ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ აქტივისტს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

25 თებერვალი, 2021 • 1092
ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ აქტივისტს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

ნამახვანში აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, ლაშა მიქაუტაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა,  კობა სოხაძემ დაუდასტურა.

დაკავებულ აქტივისტს პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე [ძალადობა] და 226-ე [ჯგუფური მოქმედების ორგანიზება] მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას.

ლაშა  მიქაუტაძე ნამახვანში გამართულ აქციაზე 23 თებერვალს დააკავეს. ის ოთხი შვილის მამაა, სოფელ დერჩში ცხოვრობს, ხელოსანია და თავს ბუხრების შენებით ირჩენს. ლაშა მიქაუტაძე აქტიურად არის ჩართული იმ საპროტესტო აქციებში, რომელიც რიონის ხეობაში სამი თვეა მიმდინარეობს ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

მიქაუტაძის ოჯახს გირაოს გადასახდელი თანხა არ აქვს. 2000 ლარის შეგროვებას ოჯახის ახლობლები საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ლაშა მიქაუტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

შენიშვნა:  თავდაპირველად შსს-მ გამოძიება სსკ-ს 226-ე მუხლის ნაცვლად 187-ე მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლს კვალიფიკაცია შეუცვალა.

ვრცლად:

ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი