ახალი ამბები

ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავეს

24 თებერვალი, 2021 • 2067
ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავეს

23 თებერვალს ნამახვანში დაკავებულ აქტივისტის მიმართ გამოძიება დაიწყო. სოფელ დერჩში მცხოვრებ ლაშა მიქაუტაძის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლითაა აღძრული.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით. 126-ე გულისხმობს ძალადობას, 187-ე  კი, ნივთის დაზიანება/განადგურებას“.

რა მოხდა 23 თებერვალს

122 დღეა რიონის ხეობის მცხოვრებლებს ნამახვანში კარავი აქვთ გაშლილი და აპროტესტებენ მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას. 23 თებერვალს მორიგი საპროტესტო დღე იყო – მოსახლეობა ცდილობდა არ მიეცათ უფლება კომპანიისთვის სამუშაოები ეწარმოებინა.

„ტრაქტორი მოდიოდა. ბიჭებმა რომ დაინახეს, ეს ტრაქტორი მოდიოდა, ყველა განერვიულდა და გაიწივნენ ამ ტრაქტორისკენ. მაგრამ პოლიციამ არ გაუშვა. იმდენი პოლიციელი გვიცავს… მე რომ შევატყვე, რომ ბიჭები ძალიან გაღიზიანებული იყვნენ, უცებ რაც მოვიფიქრე, გავუსხლტი ამ პოლიციელებს და პირდაპირ დავწექი გზაზე, ამ ტრაქტორის წინ, რომ როგორმე შემეჩერებინა. მაგრამ იმდენ პოლიციელს რას მოვერეოდი, ამაყენეს. ამასობაში ეს ტრაქტორი წამოვიდა. ბიჭები ცდილობდნენ არ გაეტარებინათ, პოლიცია აკავებდათ. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ლაშა მიქაუტაძე დააკავეს. მოტყუებით გაიყვანა პოლიციამ ადგილიდან – მისი მანქანა იდგა გზასთან. პოლიციამ იკითხა, ეს მანქანა ვისია, რომ გაიყვანოთო. ლაშა გავიდა, სტაცეს ხელი, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. როგორც გავიგე, ლაშას ტრაქტორისთვის ქვის სროლას ედავებიან“, – ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაკა სულაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

რა შენდება მდინარე რიონის ხეობაში

მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი.

ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 10 თებერვალს, ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით, „ნეტგაზეთი“ წერდა, რომ არსებული დოკუმენტებით, კომპანია „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 21 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვს არც მოსამზადებელი და არც მიწის სამუშაოების ჩატარების უფლება. საპირისპიროს ამტკიცებს კომპანია.

აქვს თუ არა შპს “ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება? – ამ კითხვით და  შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით „ნეტგაზეთმა“ 10 თებერვალს მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 14 დღეა სააგენტოს წაერმომადგენელი გვეუბნება, რომ „წერილი უკვე მზადაა და ელოდებიან ხელმძღვანელი პირის მიერ დადასტურებას“.

24 თებერვლის მონაცემებით, „ნეტგაზეთს“ არ მიუღია მოთხოვნილი ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი