ახალი ამბები

ვემიჯნებით “თბილისი პრაიდს” — მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”

2 ივლისი, 2021 • 3753
ვემიჯნებით “თბილისი პრაიდს” — მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”

საზოგადოებრივი მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორია, “თბილისი პრაიდს” “სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად” აფასებს და ემიჯნება.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ განცხადება, რომელიც ჰომოფობიურ გზავნილებს შეიცავს, Facebook გვერდზე გაავრცელა. განცხადების ავტორები ამბობენ, რომ მათ მთავარ მონაპოვრად მიიჩნევენ დიდ სამოქალაქო ერთობას “ნამახვანჰესის” გარეშემო და შეგნებულად ცდილობენ, არ გააფართოონ განცხადებების არეალი, თუმცა თითქმის 250-დღიანი პროტესტის მანძილზე პირველად ჩათვალეს  აუცილებლად, მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით.

“პრაიდი” დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე”, — ნათქვამია განცხადებაში.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებს, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც “პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალაქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს, ასევე, უგულებელყოფენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია.

“ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე. სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდიფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ. ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას”, — ნათქვამია განცხადებაში.


1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში 1-ელ ივლისს კინოჩვენება გაიმართა, რომლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლოკაციაზე ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ. ჰომოფობიური აქციის 20-ზე მეტი მონაწილე, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი