ახალი ამბები

შეურაცხყოფაა საქართველოს შედარება რუსეთთან და ნავალნის საკითხებთან — პრეზიდენტი

25 თებერვალი, 2021 • 1015
შეურაცხყოფაა საქართველოს შედარება რუსეთთან და ნავალნის საკითხებთან — პრეზიდენტი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარება რუსეთთან და ნავალნის საკითხებთან საქართველოსთვის მებრძოლების, მათ შორის, იუნკრების შეურაცხყოფაა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა, სადაც ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ყველასთვის ძალიან მძიმე დღეა. ამის მერე საქართველომ გაიარა კიდევ უმძიმესი დღეები, მაგრამ დღეს აღვნიშნავთ გლოვის დღით, მაგრამ მაინც იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ 100 წლის მერე ჩვენ ვართ გამარჯვებულები. გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ამის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები დავკარგეთ და დღესაც არის ოკუპირებული. ის, რომ სახელმწიფო დგას დამოუკიდებლად, არის ყველაზე დიდი გამარჯვება”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რისთვის იბრძოდნენ იუნკრები.

“ისინი იბრძოდნენ საქართველოს კონსტიტუციის, ტერიტორიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის დასაცავად, იბრძოდნენ საზღვრებისთვის — ეს ყველაფერი არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს. ისინი, ასევე, იბრძოდნენ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთსულოვნებისთვის და ჩვენი ვალდებულებაა მათ მიმართ, რომ მხოლოდ ფორმალურად კი არ ვცეთ პატივი, პატივი ვცეთ ყველა იმ ღირებულებას, რაც მათ აერთიანებდა და დღესაც გვაერთიანებს.

დღევანდელ დღეს, როცა იუნკრებს, ახალგაზრდებს პატივს ვცემთ აქ და მერე ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიებისთვის ამ 100 წლის მანძილზე, უნდა ვთვლიდეთ, რომ უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს, ადარებს ნავალნის საკითხებს. ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური ამბიციები, არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ბოლო დღეებში ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავების გამო საქართველოს ხელისუფლება შიდა და საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდა. მათ შორის გაკეთდა შეფასებები საქართველოში რუსული ტიპის დიქტატურის დამყარებასთან დაკავშირებით.

რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა თქვა, რომ ნიკა მელიას დაკავება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის ისეთივე ტესტია, როგორც რუსი ოპოზიციონერის ნავალნის დაკავება.

„ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას საგარეო პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ საქართველო დასავლეთისგან იზოლაციისთვის მზად არ არის.

გიგა ზედანიამ ნიკა მელია რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის შეადარა და დაწერა: „ამას შეიძლება დავარქვათ „თვითმსხვერპლშეწირვის პარადიგმა“ პოლიტიკაში – როცა პოლიტიკური ლიდერი რაღაც არსებულ პრობლემას კი არ „აჯდება“, არამედ საკუთარ თავზე გადატანილი უსამართლობით ცდილობს ხალხის მობილიზიაციას“

მასალების გადაბეჭდვის წესი