ახალი ამბები

დასავლეთისგან იზოლაცია იქნება კატასტროფა – ზედანია მელიას დაკავების შემდეგ

23 თებერვალი, 2021 • 1023
დასავლეთისგან იზოლაცია იქნება კატასტროფა – ზედანია მელიას დაკავების შემდეგ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება, ამ საკითხს საგარეო პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ საქართველო დასავლეთისგან იზოლაციისთვის მზად არ არის.

ენმ-ის ოფისზე პოლიციის შტურმის შედეგად ნიკა მელია დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის მიმართ აშშ-მა და ევროკავშირმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

გიგა ზედანიამ ნიკა მელია რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის შეადარა და დაწერა: „ამას შეიძლება დავარქვათ „თვითმსხვერპლშეწირვის პარადიგმა“ პოლიტიკაში – როცა პოლიტიკური ლიდერი რაღაც არსებულ პრობლემას კი არ „აჯდება“, არამედ საკუთარ თავზე გადატანილი უსამართლობით ცდილობს ხალხის მობილიზიაციას“.

ზედანიას თანახმად, რუსეთში ამან, საბოლოო ჯამში, შედეგი არ გამოიღო და „არაა გამორიცხული, რომ საქართველოშიც იგივე მოხდეს, [რადგან] პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ელექტორატის უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ და მაინცდამაინც არ თანაუგრძნობს მათ პირადად თუ პიროვნულად“.

თუმცა, ილიაუნის რექტორის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება მზად იყო ფასის გადასახდელად, რამეთუ „დასავლეთისგან იზოლაცია იქ უკვე მომხდარი ფაქტია და დამატებითი სანქციები ბევრს ვერაფერს შეცვლის“.

საქართველო კი, მისი თქმით, დასავლეთისგან იზოლაციისთვის მზად არ არის: „ეს იქნება კატასტროფა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და, უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით (თანაც ამ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში). ამ ზიანის რამით კომპენსირება უბრალოდ შეუძლებელი მგონია“.

„ეს არის ჩიხი და აქედან როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა უნდა გამოვიდეთ“, – წერს გიგა ზედანია ფეისბუკზე.

შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისში სპეცოპერაცია 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში.

მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი