ახალი ამბები

ეს ბაიდენის ტესტია, მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს – მაკფოლი მელიას საკითხზე

23 თებერვალი, 2021 • 1147
ეს ბაიდენის ტესტია, მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს – მაკფოლი მელიას საკითხზე

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, რომელიც 2014 წლიდან აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად ეხმაურება.

„ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო მესამეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

„ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქაურობაზე გავლენა მოახდინოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

მაკფოლი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას განვითარებულ მოვლენებზე და დაწერა:

„ღრმად შეშფოთების გამოხატვა დასაწყისისთვის მისაღებია, თუმცა, მხოლოდ დასაწყისისთვის. რუსეთისგან, ჩინეთისგან და ბელარუსისგან განსხვავებით, აშშ-ს აქვს გავლენის ბერკეტები საქართველოში. ახლაა დრო, რომ ეს ბერკეტები გამოყენებული იქნას, სანამ გვიანი არაა“.

აშშ-ის საელჩომ ცოტა ხნით ადრე განაცხადა:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“.


შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისში სპეცოპერაცია 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი