ახალი ამბები

პოლიტიკური პატიმრების დაკავება არ არის ევროპული გზა | მარკეტა გრეგოროვა

23 თებერვალი, 2021 • 597
პოლიტიკური პატიმრების დაკავება არ არის ევროპული გზა | მარკეტა გრეგოროვა

ევროპული საპარლამენტო ჯგუფის, “მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრის, ჩეხი დეპუტატის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ნიკა მელიას დაკავება ევროპისკენ მიმავალი პროგრესული გზა არ არის”.

“მოვლენათა აბსოლუტურად იმედგამაცრუებელი განვითარება საქართველოში. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება არის აისბერგის წვერი დემოკრატიის უკანდახევის პროცესში. კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმრის დაკავება არ არის ევროპისკენ მიმავალი პროგრესული გზა”, — ნათქვამია მარკეტა გრეგოროვას მიერ Twitter-ის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი