ახალი ამბები

“საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა” — პრეზიდენტი

18 თებერვალი, 2021 • 1119
“საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა” — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საჭიროა დაძაბულობის დაუყოვნებლივ განმუხტვა.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არათუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს”, — აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ის დღეს შეხვდა დიპლომატებს და შექმნილი ვითარება განიხილა. მისი აზრით, “საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.”

“ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ, ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია”, — ნათქვამია ზურაბიშვილის წერილობით განცხადებაში.

ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ “პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია.”


რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი