ახალი ამბები

დასაფასებელია… ეყო საღი გონიერება — მელია გახარიას გადადგომაზე

18 თებერვალი, 2021 • 682
დასაფასებელია… ეყო საღი გონიერება — მელია გახარიას გადადგომაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა, გიორგი გახარიას უფასებს პრემიერის პოსტიდან გადადგომას. როგორც მელიამ ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა, გახარიას “ეყო საღი გონიერება და არ მიიღო მონაწილეობა მეორე 20 ივნისში.”

“ამ ადამიანმა ნამდვილად მიიღო სწორი გადაწყვეტილება, არა ჩემ სასარგებლოდ. აი, ახლაც ამ შენობაში 700-800 ადამიანი ვართ, მიდის-მოდის უამრავი ადმაიანი, მათ შორის, ელჩები. ვერთვები საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს. რამდენიმე საათის წინ მქონდა ინტერვიუ “ალ ჯაზირასთან”, “ბიბისისთან”. ვმუშაობთ, მართლა ვმუშაობთ. ვის ჰგონია, რომ აქ შემოვიდოდა სპეცრაზმი და ჩვენ, მართალი ხალხი, დავნებდებოდით და ვეტყოდით, რა მაგრები ხართ, დაგვარტყით, გაგვანადგურეთ”, – თქვა ნიკა მელიამ, რომელიც სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად 17 თებერვლიდან გამაგრებულია ენმ-ის ცენტრალურ ოფისში.

როგორც მელია აცხადებს, ის აუცილებლად გავა ოფისიდან და მონაწილეობას მიიღებს მანიფესტაციებში.

“ამისგან ვერავინ შემაკავებს და ეს უახლოეს დღეებში მოხდება”, — ამბობს მელია.

პარტიის ოფისში მელიას გამაგრებას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, რადგან მელიამ არ გადაიხადა მისთვის დაკისრებული გირაო. ნიკა მელიას გასამართლებას პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ითხოვს. პროკურატურის ვერსიით, მელიამ მომხრეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა აქციაზე, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა.


რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი