ახალი ამბები

კუბილიუსი: საქართველო გზაგასაყარზეა, სასწორზე ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

18 თებერვალი, 2021 • 1274
კუბილიუსი: საქართველო გზაგასაყარზეა, სასწორზე ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს “ტვიტერზე” ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა ახლა გზაგასაყარზეა და სასწორზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობაა:

“საქართველო ახლა გზაგასაყარზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობაა სასწორზე. ყველა, მათ შორის სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, მოლაპარაკებებს უნდა დაუბრუნდეს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული თანხმობისთვის. ჩვენ ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე” ,– აცხადებს კუბილიუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილნი იყვნენ პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ “ფიზიკურად დაიცავდენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე” ,– თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი