ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“დავბრუნდეთ თუ არა?” – ყარაბაღში აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა 

16 თებერვალი, 2021 • 1465
“დავბრუნდეთ თუ არა?” – ყარაბაღში აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა 

ავტორი: გუნელ მევლუდი


34 წლის ულვია გაჯიევა სამი არასრულწლოვანი შვილის დედაა. მისი ქმარი დევნილია ჯაბრაილის რაიონიდან, რომელიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. უკანასკნელი 14 წელი ულვია ოჯახთან ერთად ბილისუვარში, დევნილებისთვის სპეციალურად აშენებულ ქალაქში ცხოვრობდა. 2007 წელს სახელმწიფომ იძულებით გადადგილებული მოქალაქეებისთვის რამდენიმე ასეთი ქალაქი ააშენა.  

ულვია გაჯიევას ქმარი, ვაქილ გაჯიევი ქალაქში საკონსერვო ქარხნის დარაჯად მუშაობს. 

“მე ამ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრებისას დავქორწინდი, აქ დაიბადნენ ჩემი შვილებიც და აქვე წავიდნენ სკოლაში. გვაქვს პატარა ნაკვეთი, სადაც ბოსტნეული მოგვყავს, ხეხილიც გვაქვს. სოფლის ცხოვრება არ არის მარტივი, მაგრამ სტაბილურობის შეგრძნება გვაქვს”, – გვეუბნება ის. 

ვაქილ გაჯიევი

სამოთახიანი სახლი, რომელიც ვაქილმა მშობლებთან ერთად სახელმწიფოსგან მიიღო, მისი კუთვნილება არ არის, –  ეს სოციალური საცხოვრისია, ისევე, როგორც დანარჩენი საცხოვრებლები, რომლითაც სახელმწიფომ დევნილები უზრუნველყო. 

ყარაბაღის 44- დღიანი ომის შედეგად ჯაბრაილი კვლავ აზერბაიჯანს დაუბრუნდა, თუმცა გაჯიევების ოჯახი ამჟამად გაურკვევლობაში ცხოვრობს. ჯაბრაილის რაიონში ახლა ნაღმებისგან გასუფთავების პროცესი მიმდინარეობს, აგებენ გზებს, ანგრევენ სომხური არმიის შენობა-ნაგებობებს და აზერბაიჯანული მხარე საცხოვრებლების აშენებას გეგმავს მათთვის, ვინც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდება. 

იმის განსაზღვრა, დევნილი მოსახლეობის რა ნაწილი დაბრუნდება, სახელმწიფოსთვის რთულია. სოციალურ ქსელებში უამრავი ისტორია ვრცელდება იმ დევნილების შესახებ, რომლებიც უარს ამბობენ დაბრუნებაზე. საკუთარ გადაწყვეტილებას ზოგიერთი იმით ასაბუთებს, რომ იქ არ არის უსაფრთხო გარემო. ამასთან, ღელავენ იმაზე, იშოვიან თუ არა იქ სამსახურს. 

“ჩემი ოჯახი, ჩემი ძმა, მშობლები, ოდესმე ყველანი წავალთ. ისეთი მღელვარებით ველოდით ჩვენი სოფლების გათავისუფლებას. უკვე ვგეგმავთ, სად რას ავაშენებთ და რას დავრგავთ ბაღში. თუმცა, ახლა არა. არ გვინდა ბავშვების წაყვანა იქამდე, სანამ არ არის ნაღმებისგან გათავისუფლებული მიწები. აქ სამსახური რომ დავკარგო, არ ვიცი, იქ თუ შევძლებ რამის შოვნას, იქნება კი ყველასთვის სამუშაო? ”, – წუხს ვაქილ ჯაბიევი. 

ამავე დროს, სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანის მოქალაქეები ღიად აკრიტიკებენ მათ, ვინც დაბრუნებაზე სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს. 

მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი აიბიანიზ ისმალოვა ღიად გამოესარჩლა ადამიანებს, ვისაც დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს:

“ჩვენ არ გვჯერა, რომ არსებობენ ისეთი ყარაბაღელები, ვისაც საკუთარ მიწაზე დაბრუნება არ სურს. საქმე სხვა რამეს ეხება. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჯერ არ არის საცხოვრებლად ვარგისი პირობები, არ არის სამუშაო ადგილები, მიწები ჯერ კიდევ საშიშია მესაქონლეობისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რა პირობებს გამოექცა ხალხი მაშინ. თავიდან უნდა შეიქმნას უსაფრთხო პირობები, რის შემდეგაც უკვე არ მგონია, ვინმე უარს იტყოდეს დაბრუნებაზე”, – წერს ისმაილოვა. 

ამასობაში ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე გასცა განკარგულება, გადასცენ დევნილებისთვის აშენებული ბინები მათ ოჯახებს, ვინც ყარაბაღის მეორე ომში იბრძოდა და დაიღუპა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ბინებს, რომლებიც დევნილებმა უკვე მიიღეს უკანსკნელ წლებში. 

ამასთან, ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლის დროს ალიევმა დევნილებს მიმართა: “ძალიან ვთხოვ დევნილებს, როდესაც ტარდება გამოკითხვები იმის თაობაზე, ვინ დაბრუნდება გათავისუფლებულ მიწებზე და ვინ დარჩება, უპასუხეთ პირდაპირ, ყოველგვარი ყოყმანისა და ორმაგი ნააზრევის გარეშე. გსურთ დაბრუნება თუ არა საკუთარ მიწებზე? უნდა ვიცოდეთ ზუსტი რიცხვი, რომ ამ რიცხვით ვიხელმძღვანელოთ”, – განაცხადა ალიევმა. 

ულვია გაჯიევა ამბობს, რომ დევნილების დასახლებაში დევნილებს შორის გამოკიხვებს ადგილობრივი საბინაო სამსახურები აწარმოებდნენ. 

“ ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დიახ, დავბრუნდებით”. შემდეგ გვკითხეს, ბევრს სურს თუ არა დაბრუნება. იმ დღეს არცერთ დევნილს უარყოფითი პასუხი არ გაუცია. 

დევნილთა ქალაქში, სადაც ვაქილ გაჯიევის ოჯახი ცხოვრობს, არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, არ არის მუდმივი სამუშაო ადგილები და ახალგაზრდობაც ვერაფრით გაერთობა. ვაქილი ამბობს, რომ საბოლოოდ, სჯობს მიწაზე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდე და იმუშაო, ვიდრე დევნილთა კომპლექსში გაატარო დარჩენილი სიცოცხლე.  

თუმცა აზერბაიჯანში დღეს ბევრი დევნილია, ვინც თავიდანვე ქვეყნის დიდ ქალაქებში, ბაქოში, სუმგაითსა და განჯაში დასახლდნენ, სადაც ინფრასტრუქტურა განვითარებულია და სამუშაო ადგილებიც არსებობს. სწორედ ასეთი ქალაქებში მცხოვრები დევნილები აცხადებენ დაბრუნებაზე უარს.

ჰილალ მალიქოვი ქალაქ შუშადანაა. ჰილალი 62 წლისაა და მშობლიური ქალაქი ენატრება, თუმცა დაბრუნებას არ ჩქარობს.

“ჩემი ყველა შვილი მუშაობს. შვილიშვილები უნივერსიტეტებში სწავლობენ. რას იზამენ ისინი შუშაში? თან ახლა იქ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტია, სომხებიც რამდენიმე კილომეტრში არიან”, – ამბობს მალიკოვი.

მისი თქმით, მეზობლები მას საყვედურობენ, როდესაც ამბობს, რომ დაბრუნების სურვილი არ აქვს. 

“ჩვენი შვილები შენი ქალაქის გასათავისუფლებლად დაიხოცნენ, შენ კიდე უარს ამბობს დაბრუნებაზე?!. ასე მეუბნებიან მეზობლები და ნაცნობები, არავის უნდა გაგვიგოს მე და ჩემს ოჯახს”. 

სოციოლოგი ზამირა აბბასოვა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ყარაბაღიდან დევნილებთან მუშაობდა, ამბობს, რომ დევნილების დაბრუნება მარტივი საქმე არ იქნება.

“ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება მოკლე დროში გადაიჭრას. აქ საჭიროა ეტაპობრივი მიდგომა, კორუფციისგან სრული გათავისუფლება და გონიერი გადაწყვეტილებები”. 

მისივე პროგნოზით, დევნილების დაბრუნების პროცესში კი ბევრი პრობლემა ამოტივტივდება ზედაპირზე. 

აქ იქნება როგორც სოციალური, ასევე, ფსიქოლოგიური ნიუანსები. დევნილთა უმრავლესობას თან არ წამოუღიათ დოკუმენტები, როდესაც ომის დროს ყარაბაღიდან გამორბოდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეიძლება ვერც შეძლონ დამტკიცება, რა ქონება ეკუთვნოდათ. მიწების თავიდან გადანაწილების პროცესში კი შესაძლოა, არასინდისიერი გადაწყვეტილებებიც ვიხილოთ.

ჯერჯერობით ხელისუფლება არ ასაჯაროებს საკუთარ გეგმებს და არ ამბობს, რა ბედი ეწევა იმ საკუთრებას, რომელიც ადამიანებმა თითქმის 30 წლის წინ დატოვეს. შესაძლოა, სწორედ ამ გაურკვევლობის გამო ბევრი დევნილი დაბრუნებას უფრთხის და არ ჩქარობს. 

დაბრუნების შემთხვევაში, სპეციალისტი ასევე არ გამორიცხავს კონფლიქტებს სომხებსა და აზერბაიჯანელ თემებს შორის: 

“როდესაც ორი თემი ერთად იცხოვრებს, შეიძლება მათ შორის მოხდეს კონფლიქტი. მით უმეტეს, ესენი ტრავმირებული ჯგუფები არიან, მათ გამოიარეს ომი, დევნილობა და ცხოვრების ცუდი პირობები, რაშიც ერთმანეთს ადანაშაულებენ. ხელისუფლება და თემების ხელმძღვანელები კი ვალდებული არიან ,ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი