ახალი ამბები

ვაქცინების მოსაპოვებლად განიხილება თანამშრომლობა EU-ს ქვეყნებთანაც — გაბუნია

15 თებერვალი, 2021 • 769
ვაქცინების მოსაპოვებლად განიხილება თანამშრომლობა EU-ს ქვეყნებთანაც — გაბუნია

საქართველო ვაქცინების მოპოვებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ მექანიზმად ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

სანამ ალტერნატივებზე გადავიდოდა, გაბუნიამ კვლავ გაიმეორა, რომ ვაქცინების მოძიების მთავარი მექანიზმი სახელმწიფოსთვის ისევ კოვაქსის პლატფორმაა. მისი თქმით, პლატფორმა “შეიქმნა იმიტომ, რომ არ ყოფილიყო რისკები საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, რომელთაც თავისი მოცულობით საინტერესო წინადადება ვერ ექნებათ მწარმოებელთან”.

თუმცა, მისივე თქმით, კოვაქსიდან საქართველოს ეკუთვნის მხოლოდ 1 400 000 დოზა ვაქცინა, მაშინ, როცა ქვეყანას 3.9 მილიონი დოზა სჭირდება. ამის გამო სახელმწიფო “კიდევ ორ მექანიზმს” განიხილავს.

“ერთი, ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც შეიძლება, ამ ეტაპზე არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. ეს შეიძლება იყოს შესყიდვის ან დონაციის სახით.

და ასევე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური[ორმხრივი] მოლაპარაკებაც [მწარმოებლებთან]. პირველი კვარტალია რთული ყველასთვის. შემდეგ წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე-მეოთხე კვარტლისთვის, უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს იმისთვის, რომ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებელბისგან”, — თქვა მან.

გაბუნიას განცხადებით, “კარგია ისიც, რომ რამდენიმე ვაქცინა არის ძალიან კარგ პოზიციაზე იმგვარად, რომ მათ მოკლე ხანში ექნებათ ჯანმოს ავტორიზაცია”:

“ჩვენთვის ესეც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მივიღოთ დამატებითი დოზები და წლის ბოლომდე ჩვენი სამიზნე შევასრულოთ”.

რამდენ დოზას ელის საქართველო ამ მომენტისთვის

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის” ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა თებერვლის ბოლო დეკადაში უნდა შემოვიდეს. მას ქვეყანა “კოვაქსისგან” მიიღებს.

ასევე “კოვაქსის” პლატფორმიდან, “მარტის შუა რიცხვებში”  უნდა მიიღოს ქვეყანამ “ასტრაზენეკას” ვაქცინის 184 000 დოზა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, “ასტრაზენეკამ” წერილობით დაადასტურა თანხმობა, საქართველოს 150 000 დოზა ვაქცინა მიჰყიდოს.

ევროპის ნაწილში 65+ ასაკის მოქალაქეებს ასტრაზენეკას არ უკეთებენ. რას იზამს საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი