ახალი ამბებიგართობა

ევროპის ნაწილში 65+ ასაკის მოქალაქეებს ასტრაზენეკას არ უკეთებენ. რას იზამს საქართველო

10 თებერვალი, 2021 • 1685
ევროპის ნაწილში 65+ ასაკის მოქალაქეებს ასტრაზენეკას არ უკეთებენ. რას იზამს საქართველო

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა უკვე დამტკიცდა, თუმცა, ვაქცინების მსოფლიო ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისად, ის შესაძლოა შეიცვალოს. გეგმის თანახმად, ქვეყანაში ჯერ “ფაიზერის” ვაქცინის ლიმიტირებული დოზა შემოდის, შემდგომ კი – “ასტრაზენეკას” გაცილებით დიდი დოზა.

ამჟამინდელი პერსპექტივით,  საქართველოში 65+ ასაკის მოქალაქეებიც ხვდებიან იმ ადამიანთა შორის, რომლებიც “ასტრაზენეკას” ვაქცინით უნდა აცრან, თუმცა კითხვები ჩნდება იმ ფონზე, როცა არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ ხსენებული ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია არ გასცა ამ ასაკობრივი კატეგორიის მიმართ.

მეორე მხრივ, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ირჯება ვაქცინების საკმარისი ოდენობის მისაღებად. ოპოზიციიდან სახელმწიფოს მიმართ გაისმა მოთხოვნაც, გაასაჯაროოს ვაქცინასთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან და კომპანიებთან მიმოწერები.

ვის როდის და რომელი ვაქცინით აცრიან?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, 9 თებერვალს განმარტა, როგორ გადანაწილდება ვაქცინები ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით გაწერილ სამიზნე ჯგუფებს შორის.

სახელმწიფოს გეგმის თანახმად, ჯერ სამედიცინო მუშაკები უნდა აცრან, შემდეგ – მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი პერსონალი, რასაც მოსდევს რიგი ასაკობრივი კატეგორიები და ძირითადი სერვისების მიმწოდებელი პირები.

სახელმწიფო ამბობს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში “კოვაქსის” პლატფორმიდან საქართველომ 1 400 000 დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, რაც მოზრდილი(18+) მოსახლეობის 20%-ის ორჯერადი აცრისთვის არის საკმარისი.

რაც შეეხება მოსახლეობის დარჩენილი 40%-სთვის საჭირო ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვაქცინის მიღების საშუალება საქართველოს შეეძლება არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ საერთაშორისო თუ კერძო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების შედეგად.

ვაქცინის სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები. ცხრილი: ჯანდაცვის სამინისტრო

ვაქცინის სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები. ცხრილი: ჯანდაცვის სამინისტრო

ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა თებერვლის ბოლო დეკადაში უნდა შემოვიდეს. ის მთლიანად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოხმარდებათ, თუმცა, არა ყველა მათგანს: აღნიშნული ოდენობა მხოლოდ 14 000 სამედიცინო მუშაკის ორჯერად აცრას ეყოფა, მაშინ, როცა სახელმწიფო წელს  გეგმავს, 50 000 სამედიცინო პერსონალის აცრას.

სამედიცინო პერსონალის მეორე ნაწილს, რომელსაც “ფაიზერის” დოზები არ შეხვდება, “ასტრაზენეკათი” აცრიან. მისი დოზების სავარაუდო ოდენობა, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს, აქამდე 180 ათასიდან 300 ათასამდე მერყეობდა. თუმცა, როგორც გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა,  “კოვაქსის” პლატფორმიდან მიღებული ახალი წერილით უკვე დაზუსტებულია, რომ “მარტის შუა რიცხვებში” საქართველოში აღნიშნული ვაქცინის 184 000 დოზა შემოვა.

“[ასტრაზენეკას ვაქცინა] პირველ რიგში, ისევ მოხმარდება დარჩენილ სამედიცინო მუშაკებს. ამის შემდეგ აიცრებიან მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი – დაახლოებით, 2 500 ადამიანი.

მოხუცთა სახლების შემდეგ, გადავდივართ ასაკობრივ პრიორიტეტიზაციაზე, ანუ 65 წელს ზემოთ, 75 წელს ზემოთ და ა.შ.” ,- აღნიშნავს NCDC-ს ხელმძღვანელი.

გამყრელიძის ვარაუდით, ვაქცინის მთლიან მოცვას 1-1.5 წელი სჭირდება, თუმცა, “კარგად მუშაობის” შემთხვევაში, შესაძლოა, პროცესი უფრო მალეც დასრულდეს.

კითხვები “ასტრაზენეკას” გარშემო

29 იანვარს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ევროკავშირის მასშტაბით გასცა ნებართვა, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს  ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენონ (ბავშვების გარდა).

იმავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხსენებული ვაქცინის გამოყენება 65+ ასაკობრივ ჯგუფში. მისი თქმით, ამ ნაბიჯამდე დამატებითი კვლევებია საჭირო.

მაკრონი ერთადერთი არ ყოფილა- მსგავსი პოზიცია აქვთ გერმანიას, ავსტრიას, შვედეთს, ნორვეგიას, დანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს. მათ “ასტრაზენეკას” ვაქცინას მხოლოდ 65 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გაუწიეს რეკომენდაცია, იტალიამ და ბელგიამ კი – 55 წელს ქვემოთ.

“კვლევის მონაცემთა უკმარისობის” გამო, შვეიცარიამ ხსენებული ვაქცინის გამოყენების ნებართვა არცერთ ჯგუფში არ გასცა.

ამ ეტაპზე არ არსებობს ასაკოვან ადამიანებში “ასტრაზენეკას” ეფექტიანობის წინააღმდეგ კონკრეტული სამედიცინო მტკიცებულებები. საქმე ის არის, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებზეც მწარმოებელმა კომპანიამ ვაქცინა გატესტა, 65+ პირების წილი მხოლოდ 10%-ია. ეს კი არაერთი ევროპული სახელმწიფოსთვის არ არის საკმარისი აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინის ეფექტიანობის დასადასტურებლად.

რას აპირებენ საქართველოში, თუ ეჭვები დადასტურდა

პროცესებს საქართველოშიც მიადევნებენ თვალს, თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, “ასტრაზენეკას” გარშემო გაჩენილი კითხვების საფუძვლიანობა ჯერ არ დაუდასტურებიათ ევროკავშირს, ევროპის მედიცინის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. თბილისში სწორედ ამ ორგანიზაციების პასუხებს ელიან.

“თუ ისინი იტყვიან, რომ არ არის რეკომენდებული 65 წელს ზემოთ “ასტრაზენეკას” გამიყენება, მაშინ ჩვენი გეგმის ეს ნაწილიც გარკვეულად გადაიხედება და შეიცვლება”, – ეუბნება გამყრელიძე “ნეტგაზეთს”.

გაჭიანურდება თუ არა საქართველოში ასაკოვანი დამიანების ვაქცინაციის პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ეჭვები დადასტურდება? NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესი არ შეჩერდება, ვინაიდან ჰორიზონტზე ალტერნატიული ვაქცინებიც ჩანს, რომელთაც ავტორიზაცია ჯერ არ მიუღიათ. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, 65+ ჯგუფმა “ქვემოთ გადაინაცვლოს” და მოგვიანებით აიცრას სხვა ვაქცინით, რომელიც “შემდგომ ეტაპზე შემოვა”.

“გვაქვს ბევრი მოლაპარაკება სხვადასხვა მწარმოებელთან… მალე გაკეთდება ალბათ ავტორიზაცია სხვა ვაქცინისა, როგორიც არის ნოვოვაქსი. რამდენიმე ვაქცინაზე მიმდინარეობს კიდევ მუშაობა…”,- ამბობს ამირან გამყრელიძე, ხოლო კითხვას, როდისთვის უნდა ელოდოს საქართველო ახალ, ალტერნატიულ ვაქცინებს, ასე პასუხობს:

“ჩემი გათვლებით, ვაქცინების ყველა მწარმოებელი თანდათან თავის სიმძლავრეებს სერიოზულად ზრდის. ვფიქრობ, აპრილ-მაის-ივნისში უკვე სერიოზული სიმძლავრეები და რაოდენობები გაჩნდება ბაზარზე… ასე რომ, ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოს გამოჩნდება ვაქცინების საკმაოდ დიდი ოდენობა”.

“გაასაჯაროეთ მიმოწერები” – “ლელოს” მოთხოვნა

ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკის გამო გუშინ პარტია “ლელომ” გააკრიტიკა. პარტიის სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა, მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყოს ვაქცინაცია და მოსთხოვა, გაასაჯაროოს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მიმოწერა.

“საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მოვითხოვ ყველა ოფიციალური მიმოწერის გასაჯაროებას ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით.

რა გააკეთა თითოეულმა შესაბამისმა უწყებამ, რა ოფიციალური მიმოწერა აწარმოა შესაბამის უწყებებთან საზღვარგარეთ, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა ვაქცინა ან 1 თვეში გვქონდეს ვაქცინის შესაბამისი დოზა”, – თქვა მან და დაამატა, რომ ეს ინფორმაცია, “თავისი ბუნებით”, საჯაროა.

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: „ლელო“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “ლელოს” მოთხოვნას დღეს ასე უპასუხა:

“ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ კოვაქსის ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, მწარმოებლებთან შეთანხმებების ფარგლებში გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის პირობებში. ის, რაც საჯაროა, ამას ჯანდაცვა გააზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან”.

პარტიაში ეს პასუხი არ აკმაყოფილებთ: “ლელოს” წევრი ვატო სურგულაძე, რომელიც ერთ დროს სწორედ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მიიჩნევს, რომ კონფიდენციალური ვერ იქნება საკითხი, რომელშიც “ხალხის ფული იხარჯება”.

“რა სახელმწიფო საიდუმლოებაა ასეთი, რა მოლაპარაკებაა და რა თარიღებზეა საუბარი?.. არაფერი დასამალი არ არის”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

ვაქცინაცია: მუშაობს თუ არა სახელმწიფო საკმარისად

ვატო სურგულაძე “არც ისე ცუდ ნამუშევარს” უწოდებს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, თუმცა მიიჩნევს, რომ თავისი არსით კონცეპტუალური უფროა, ვიდრე სამოქმედო:

“არ არის გამიჯნული თარიღები. მაგალითად, თუ ვაქცინას მივიღებთ 15-ში[თებერვალს] – რას ვაკეთებთ, არ მივიღებთ – რას ვაკეთებთ. რაც ყველაზე მთავარია, არის ინსტიტუციების პასუხისმგებლობა, თუმცა არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა, რაც ყველაზე ცუდია. არ ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი ტრენინგებზე, მაგალითად”.

“ლელოს” წევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ვაქცინების საკმარისი დოზების მისაღებად სათანადოდ არ მუშაობს და მხოლოდ “კოვაქსზე” ელოდება თავის რიგს. მას მოჰყავს სხვა სახელმწიფოების მაგალითი, რომელთაც ამ მიმართულებით მეტი წარმატება აჩვენეს:

“უკრაინამ 12 მილიონი იყიდა, ავღანეთმა მიიღო 500 000 საჩუქრად. რატომ? მუშაობს მათი მთავრობა, პრემიერი, დიპლომატიური კორპუსი… აქ უშუალო ჩართულობა და პასუხისმგებლობაა”.

ვატო სურგულაძე

სურგულაძემ აღნიშნულზე 8 თებერვალს “ტვ პირველის” ეთერშიც ისაუბრა. გადაცემაში მონაწილეობდა ამირან გამყრელიძეც, რომელიც არ დაეთანხმა კრიტიკას და თქვა, რომ მარტივი არ იყო საქართველოს მოხვედრა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც “ფაიზერის” ლიმიტირებული დოზები მიიღეს.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს და სწორედ მათი მხარდაჭერით აღმოჩნდა საქართველო იმ 4 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველი, ლიმიტირებული “ფაიზერი” მიეცა.

მარტივი არ იყო… რომ საქართველომ მიიღო ეს. ეს სწორედ იმ ადამიანების დამსახურება იყო, რომელთაც პირადად იმუშავეს ჯანმოსთან, პოლიტიკურ დონეზე, ტექნიკურ დონეზე და სხვადასხვა დონეებზე. ეს კიდევ გაგრძელდება”, – აღნიშნა მან.

ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში Covid-19 ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 057-ს შეადგენს.

ვირუსს, ჯამში, 3 306 პაციენტი ემსხვერპლა.

8 თებერვლის მდგომარეობით, ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.63%.

საქართველომ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან შეამსუბუქა, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, თუმცა კვლავ რჩება ძალაში ე.წ. “კომენდატის საათი”- შეზღუდვა გადაადგილებაზე 21.00 საათიდან  05.00 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი