ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა შეიცვალა ახალგორიდან სამკურნალოდ გადმოსვლის მსურველთათვის

15 თებერვალი, 2021 • 1491
რა შეიცვალა ახალგორიდან სამკურნალოდ გადმოსვლის მსურველთათვის

ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებიდან იკრვევა, რომ ახალგორის მოსახლეობისთვის გაამარტივეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლის პროცედურები.

აღნიშნული განცხადება გუშინ, 14 თებერვალს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრებისა და ახალგორელების შეხვედრის დროს გახმიანდა.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს “პროცედურების გამარტივება” და რამ განაპირობა დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით, ახალგორელ აქტივისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველს, თამარ მეარაყიშვილს ვესაუბრეთ.

რატომაა ახალგორის რაიონი “ჩაკეტილი”?

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, შარშან, თებერვლის თვეში ახალგორის რაიონის მცხოვრებლებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება და შემდეგ უკან დაბრუნება მეორედ შეიზღუდა.

პირველად, 2019 წლის აგვისტომდე, ახალგორელები შედარებით თავისუფლად ახერხებდნენ ე.წ. სასაზღვრო ხაზის გადაკვეთასა და თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში ჩამოსვლას. გადაადგილების შეზღუდვა უკავშირდება ქართული მხარის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მიჩნეულ ტერიტორიაზე, კერძოდ ჩორჩანის ტყეში, ახალი საგუშაგო პოსტის გახსნას, რასაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და შედეგად, ახალგორის რაიონში ყოველგვარი გადაადგილება შეიზღუდა.

დე ფაქტო უწყებებებმა თბილისის გადაწყვეტილებას აგრესიული და საფრთხის შემცველი უწოდეს, რასაც მოჰყვა ერთგვარი ულტიმატუმის წამოყენება, რომ თუ საქართველო არ აიღებდა საგუშაგო პოსტს, მაშინ ოსური მხარე თავად დაანგრევდა მას. ცხინვალში მიიჩნევდნენ, რომ საგუშაგო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

მოგვიანებით დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გამოაცხადა, რომ რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირება [რომელიც, მისივე განცხადებით, თბილისის ინტერესებში შედიოდა] არ იქნებოდა.

ჩორჩანა-წნელისის ინციდენტის შემდეგ, ცხინვალმა გაურკვეველი დროით მოსაბრუნის [რაზდახანის] გამშვები პუნქტი (ახალგორი) გაურკვეველი დროით ჩაკეტა. დამოუკიდებელი ოსი შემფასებლების განცხადებით, მაშინ ახალგორელები “წნელისის კრიზისის” ტყვეები აღმოჩნდნენ.

ამის შემდეგ, დაახლოებით ხუთთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, 2020 წლის იანვრის ბოლოს, მოქალაქეებს ახალგორის დატოვებისთვის, სამკურნალოდ და უკან დასაბრუნებლად, 10-დღიანი ვადა მიეცათ. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი რაიონი თითქმის წელიწადზე მეტი ხანი “ჩაკეტილი იყო”.

რა განაცხადეს დე ფაქტო ლიდერებმა ახალგორში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტისა და სამთავრობო პარტიის “გაერთიანებული ოსეთის” წარმომადგენლები გუშინ, 14 თებერვალს ახალგორის მოსახლეობას “ადგილობრივთა პრობლემების მოსასმენად, და თუ შესაძლებელია, გადასაჭრელად” შეხვდნენ. ინფორმაციას დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდნენ თამაზ [აცამაზ] ბიბილოვი, ელენა ჯიოევა, ალან გაბატოვი [გაბატი], ილია ხუბულოვი და სხვები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციაც.

ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალან გაბატოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ადგილობრივთა პრობლემების – კერძოდ, საქართველოსთან საზღვრის გახსნის შესახებ მისთვის ცნობილი იყო.

“ლენინგორის [ახალგორის] რაიონის ხელმძღვანელმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს [ანატოლი ბიბილოვს] მიმართა, რის შემდეგაც გაიმართა შეხვედრა, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები. ამგვარად, გამარტივდა საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ასეთი მომსახურება რესპუბლიკის [სამხრეთ ოსეთის] საზღვრებს მიღმა ესაჭიროებათ”, – განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალან გაბატოვმა.

“თუ წარსულში მოქალაქეებს გადაუდებელი სამკურნალო მომსახურების მისაღებად, პირველ რიგში, სჭირდებოდათ, რომ გაევლოთ კონსულტაცია ცხინვალში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა [სამედიცინო] საბჭო გადაწყვეტილებას მათ მიერ საზღვრის კვეთის ნებართვის შესახებ, ეს [კონსულტაცია ცხინვალში] საჭირო აღარ იქნება”, – მიმართა გაბატოვმა ახალგორის მოსახლეობას. 

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა განაცხადა, რომ სამკურნალოდ გამგზავრება ახლა გაცილებით ადვილია.

“ეს მექანიზმი უკვე მუშაობს და თქვენ ეს კარგად იცით [მიმართავს მოსახლეობას]. პიროვნება მიდის ადგილობრივ საავადმყოფოში, ექიმი სინჯავს მას, ჩვენ ვამზადებთ წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელზე და მეორე დღეს ეს პიროვნება მიემგზავრება სამკურნალოდ. გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტები კი იმავე დღეს მიემგზავრებიან. ჩვენ აღარ ვაგზავნით პაციენტებს ცხინვალში. ყველაფერი ხდება ადგილზე და მცირე დროში”, განაცხადა მამიტოვმა. 

მამიტოვის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რაიონი “ჩაიკეტა”, გაიზარდა ონკოლოგიური და დიაბეტით დაავადებული პაციენტების რიცხვი. მისივე განცხადებით, საქართველოსთან მიმოსვლის ისეთი ფორმით აღდგენა, როგორიც მის შეზღუდვამდე იყო, ამ ეტაპზე “არარელევანტურია”.

“უნდა გვესმოდეს, რა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საქართველოში. აგრეთვე, სიტუაცია სოფელ უისტაში [წნელისში], ყველას მოეხსენება, როგორიცაა. მანამ, სანამ სიტუაცია არ მოგვარდება, რელევანტური არ არის გზის გახსნა”, – აცხადებს ვიტალი მამიტოვი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მეირ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო გადაადგილების სრულად აღდგენის შესახებ საუბრისას.

რას შეიძლება გამოეწვია ცვლილებები

“გადაადგილების ასეთი წესი უკვე არსებობს დეკემბრის [2020 წლის] ბოლოდან”, – აცხადებს ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი. “რეალურად, ძალიან გამარტივებულია არა მხოლოდ ქრონიკული ავადმყოფებისთვის, არამედ იმ პირთათვის, ვისაც კლინიკაში გეგმური ვიზიტი სურს”.

მეარაყიშვილის მიხედვით, შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტით შეიძლებოდა საქართველოში სამკურნალოდ წამოსვლა, მათ შორის საქართველოს მოქალაქის მოწმობითაც.

“ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ წესით ისარგებლებს, უკან დაბრუნდება, როცა უნდა, და არანაირ ცნობას არ მოსთხოვენ, ნამდვილად სამკურნალოდ იყო წამოსული თუ არა. ნამდვილად დადებით დათმობაზე არიან წამოსული [დე ფაქტო მთავრობა]”, – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, დაბრკოლებას არ წარმოადგენს ქრონიკული ავადმყოფების რეგისტრაციის საკითხი, არიან ისინი რეგისტრირებულნი თბილისში, ცხინვალში, თუ ასეთი რეგისტრაცია საერთოდ არ აქვთ. “სიტყვაზეც კი დაგიჯერებენ, რომ შენ ხარ ქრონიკული ავადმყოფი – თავს ცუდად ვგრძნობ და მინდა წასვლა, ესეც საკმარისია”, – განაცხადა მეარაყიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთის შეკითვაზე, თუ ადამიანს დღესვე მოუნდება წამოსვლა, როგორ შეძლებს ამის გაკეთებას, თამარ მეარაყიშვილი პასუხობს, რომ თუ ასეთი პიროვნება მძიმე მდგომარეობაშია, დადებით პასუხს გამგზავრებაზე ძალიან სწრაფად მიიღებს.

“თუ დღეს მოუნდება ვინმეს წამოსვლა, თუ ის არის მძიმე მდგომარეობაში, ერთი ზარის საფუძველზე, ზოგჯერ დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაშიც, უხსნიან გზას წუთებში”  ,- ამბობს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

“რეალურად, 5-6 ადამიანი გროვდება. შემდეგ ამ ადაიმანების ტრანსპორტირებას ქართულ საგუშაგომდე ახალგორის საავადმყოფოს სასწრაფო ავტომობილით ხდება, შემდეგ ქართულ საგუშაგოზე ან სასწრაფო დახმარების მანქანა ხვდებათ, ან ოჯახის წევრები.  ხშირად უშუალოდ პაციენტი იძახებს სასწრაფო დახმარების მანქანას ქართულ საგუშაგოზე, ან იმ შემთხვევაში, თუ მძიმეა მისი მდგომარეობა, ახალგორის საავადმყოფოდანვე იძახებენ დახმარებას”, – ამბობს იგი.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რას უკავშირდება დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაადგილების წესების გამარტივების შესახებ, მეარაყიშვილი პასუხობს, რომ ეს გარკვეულწილად ადგილობრივი მედიის დამსახურებაა.

“მედიამ ითამაშა დიდი როლი. ხანდახან მე ვიღებ შენიშვნებს, მეუბნებიან, რომ ნუ ვწერ ამ პრობლემებზე, ჩვენ გვითხარი და მოვაგვარებთ. შემდეგ ეს [ჟურნალისტური მასალა] მიდის რუსეთში, რასაც გამოხმაურება აქვს.

“ასევე, მე და უჩა ნანუაშვილმა ეხო კავკაზასთან საუბარში ვახსენეთ, რომ “ოჯახის გაერთიანების პროგრამას” ადგილობრივები იყენებდნენ იმისთვის, რომ ემკურნალათ. ამ პროგრამაში მოხვედრილ ადამიანებს, სანამ თბილისში წავიდოდნენ, ადგილობრივ უშიშროების სამსახურში უწევდათ მისვლა და ყველა კომუნალური გადასახადის გადახდა, პასპორტის დაბრუნება და განცხადებაზე ხელის მოწერა, რომ სამხრეთ ოსეთში აღარ დაბრუნდებოდნენ.

ამ ყოველივეს ახსნამ, თუ როგორ ხდებოდა გადაადგილება და რა თანმდევი პირობები ჰქონდა ამ პროგრამას, ძალიან დიდი ხმაური და უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. ამას მოჰყვა ოსურ მედიაში ერთი სიუჟეტი და ცხინვალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი განცხადება, რომელთაც პრაქტიკულად დაადასტურეს ჩვენი ნათქვამი, რომ ადამიანები ჯანდაცვის გამო სარგებლობდნენ ამ პროგრამით. ექიმთან წასვლისთვის ადამიანი აცხადებდა ყველაფერზე უარს და ერთვებოდა ოჯახის გაერთიანების პროგრამაში, ამან ითამაშა დიდი როლი. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა”, – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

ე.წ. ოჯახის გაერთიანების პროგრამა ცხინვალმა ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებს 2020 წელს  შესთავაზა. ამ პროგრამის ფარგლებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეძლეოდა ნება, გადასულიყო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და “გაერთიანებულიყო მის ოჯახთან”, რითაც საბოლოოდ უარს აცხადებდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნებასა და იქ არსებულ საკუთრების ყველა ფორმაზე.

მისივე თქმით, ცხინვალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გავლენად.

“ზოგი მიიჩნევს, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ აქ არავინ უსმენს სტრასბურგს.

ეს გამარტივება მანამდე დაიწყო, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი გახდებოდა ცნობილი. მათ [დე ფაქტო მთავრობა] რეალურად ნახეს, რომ რაიონში მოსახლეობა განახევრდა. ამჟამად 750 ადამიანიღა თუ ცხოვრობს მთლიან რაიონში, მაშინ როდესაც ომის შემდეგ ჩემი შვილის სკოლაში, 2008 წლის სექტემბერში, 200 მოსწავლე იყო, ხოლო გზის დაკეტვამდე 1500 ადამიანი იყო მუდმივად მცხოვრებელი. თავად [დე ფაქტო მთავრობა] მიხვდნენ, რომ ამ აკრძალვევბს არც ხალხისთვის მოაქვთ სიკეთე და არც მათთვის. მხოლოდ ქართველები არ ტოვებენ რაიონს. აქედან წეროვანში ოსებიც მიდიან”,- ამბობს მეარაყიშვილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ “აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ცხელი ხაზის მეშვეობით საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირება არ მომხდარა”. 


ახალგორიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლის შეფერხებისა და დაგვიანებული მკურნალობის გამო, თამარ მეარაყიშვილის თქმით, რაიონში 40-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ახალგორელი ექიმის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალება, რომელსაც ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა.

ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ  თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანა,სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი