ახალგორელთა ნელი სიკვდილი ბიბილოვის ავტორიტეტის გადასარჩენად

ავტორი: ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი


ლენინგორის რაიონის მცხოვრებლები”წნელისის კრიზისის” ტყვეები აღმოჩნდნენ, რომლის გამოც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან ფაქტობრივი საზღვრის ყველა გამშვები პუნქტი დახურა. 

ამ ნაბიჯმა, პირველ რიგში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დაარტყა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ.  

სასაზღვრო, ანუ “წნელისის კრისიზი” [სწორედ ასე უწოდებენ მას ცხინვალში] მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის პოსტი უშუალოდ სამხრეთოსური დასახლების, წნელისის [უისტა] მახლობლად ჩადგა. წნელისს ცხინვალი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 

31 აგვისტოს პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ულტიმატუმი წამოაყენა: თუ ქართველები არ გააუქმებენ პოსტს, მას ძალისმიერად დაშლიან. ეს ულტიმატუმი არ შესრულდა. ერთი დღის შემდეგ კი პრეზიდენტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ რაიმე სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც საქართველო მოელის, არ იქნება.

ულტიმატუმის შეუსრულებლობის მიზეზები აშკარა იყო. პირველ რიგში ის, რომ არავინ დაიწყებდა ომს – ბიბილოვმა არმია საკუთარი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში მოსკოვის მოთხოვნით გააუქმა. მოსკოვმა ჩათვალა, რომ ოსური არმიის შენახვას აზრი არ ჰქონდა. 

მეორე – გაუაზრებელი მოქმედებებისგან თავად მოსკოვმა შეიკავა თავი. მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებით, რუსეთი ვალდებულია სამხრეთ ოსეთი სამხედრო აგრესიისგან დაიცვას, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვში მიიჩნიეს, რომ “ეს ის შემთხვევა არაა”. 

სრულიად გასაგებია, რომ ასეთი განმარტებებით საზოგადოებასთან თავს ვერ იმართლებ, თუმცა თავად ბიბილოვის სულელურმა ულტიმატუმმაც უკეთეს მდგომარეობაში ვერ ჩააგდო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება. 

“თუ თქვი, შეასრულე, თუ არადა, ბევრს ნუ ლააპრაკობ”, – მსგავსი გამონათქვამები მრავლად ისმოდა პრეზიდენტის მიმართ.

პრეზიდენტს მაშინვე შეახსენეს, რომ საზღვარზე სიტუაცია ერთ დღეში არ გამწვავებულა. ჯერ კიდევ წინა წელს პარლამენტის დეპუტატები ბიბილოვს აფრთხილებდნენ, რომ დასავლეთ ნაწილში  [სადაც წნელისი მდებარეობს] “დაუყოვნებლივ უნდა აშენდეს ღობეები და ჩაიდგას ბლოკპოსტები, რადგან იქ საქართველოს მხრიდან ხალხი გადმოდის, ისინი ამუშავებენ მიწებს და ტყეს ჩეხავენ. პრეზიდენტმა კი ეს მიმართვები უგულებელყო.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ბლოკპოსტის მონტაჟამდე ქართველები ორი თვის განმავლობაში აშენებდნენ გზას საზღვრის ამ მონაკვეთამდე. პრეზიდენტს ანგარიშს აბარებდნენ ამის შესახებ, თუმცა მან ესეც უგულებელყო. 

პარტია “ნიხასის” ლიდერმა დავით სანაკოევმა ამასთან დაკავშირებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვრცელი წერილი დაწერა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება “უიმედო არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, რომელმაც რესპუბლიკა მიიყვანა წნელისის რაიონში ტერიტორიის ნაწილის დაკარგვამდე:  

“თავი მოაჩვენო, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, უკვე აღარ შეიძლება. რესპუბლიკის ტერიტორია აღარ არის დაცული და არ კონტროლდება. ხელისუფლების მოსაწყენმა ქმედებებმა და კომენტარებმა მხოლოდ დაამტკიცა ეს.” 

2 სექტემბერს ოპოზიციამ დაიჟინა, რომ საპარლამენტო მოსმენები დაწყებულიყო, სასაზღვრო კრიზისის მიზეზები რომ გამოერკვია. ანალიტიკოსობა არ არის საჭირო, რომ მიხვდე – პრეზიდენტი მთავარი და ერთადერთი მიზეზია.

აღნიშნული სასაზღვრო ინციდენტი ამიტომაც აღიქმება შიდაპოლიტიკურ კრიზისად, რადგან ანატოლი ბიბილოვის მიერ წარმოებულ “მხედართმთავრის პოლიტიკას” უკავშირდება.

ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის პუტინად წარმოუდგენია თავი. პირადად ის, მისი გარემო და სამთავრობო მედია მისგან იდეალური ლიდერის, ერის მამის ხატს ქმნის.

ეს ხატი მხარდაჭერილია ყველა შესაძლო საშუალებით. შშმ პირთა ეტლებიც კი, რომლებიც რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში სოციალური პროგრამის ფარგლებში შემოდის,  “პრეზინდეტის პირად საჩუქრად” რიგდება.

გასაგებია, რომ “წნელისის” მსგავსი სკანდალები ამ ხატს აცამტვერებს, ამიტომაც აიძულებენ ხელისუფლებას, “მხედართმთავრის” რეპუტაციის გადასარჩენად ზომები მიიღონ. 

ამ პირობებში ანატოლი ბიბილოვს უკეთესი ვერაფერი მოაფიქრდა, გარდა იმისა, რომ გაამძაფროს სიტუაცია, გლობალური საფრთხე წარმოაჩინოს, რომელსაც ებრძვის.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო საზღვართან ამზადებს ფართომასშტაბიანი დივერსიების სერიას. საფრთხის გასაძლიერებლად სამხრეთ ოსეთის მედიაში “საქართველოს სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტიც” გამოჩნდა. ყალბი დოკუმენტი გრამატიკულმა შეცდომებმა [სამხრეთ ოსეთში ქართულ ენას ივიწყებენ] და თარიღებმა გაყიდა. დოკუმენტზე ხელმოწერის თარიღად მითითებული იყო 2015 წლის 24 მაისი, რომელსაც ხელს საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აწერდა. თუმცა გომელაური აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ პირველ აგვისტოს დაინიშნა.

და ბოლოს, მთელი ამ დივერსიების აცილების მიზნით, სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ [ანუ პრეზიდენტმა] გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

აშკარაა, რომ ეს იყო ნაჩქარევად მიღებული გეგმა პრეზიდენტის იმიჯის გადასარჩენად. ამ კრიზისში ბიბილოვის დაკარგული რეპუტაციის აღდგენა მხოლოდ რუსეთის ჩარევას შეეძლო – თუნდაც იმის დემონსტრირება, რომ აღელვებს ეს სიტუაცია. ეს ფაქტი დაამტკიცებდა საფრთხის მასშტაბსაც, რომელსაც ასე ებძრვის პრეზიდენტი. მაგრამ მოსკოვმა პასიურობა არჩია, თბილისი კი უგულებელყოფს ცხინვალის მოთხოვნას. შედეგად კი, ამ ვითარებაში ყალიბდება ახალი სტატუს-კვო, რომელიც უკიდურესად არამომგებიანია თავად ბიბილოვისთვისაც. 

სწორედ ეს არის და არა დივერსიის საფრთხე, იმის მიზეზი, რომ გამშვები პუნქტები დახურულიყო. თითქოს, ქართველ დივერსანტებს შემოსვლა თუ სურთ, მხოლოდ ამ გამშვები პუნქტის იმედზე არიან, თანაც – ამ გამშვები პუნქტების სამუშაო საათებში.

გარდა ამისა, ეს ნაბიჯი იყო მცდელობა, ლენინგორელთა  [ახალგორელთა] თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით პოლიტიკური პრობლემები შეექმნა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. 

საზღვარი გაუფრთხილებლად დაკეტეს. 3 სექტემბერს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პუნქტს მხოლოდ 4-6 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დაკეტავდა. მაგრამ 6 სექტემბერსაც არ გაუხსნიათ. 9 სექტემბერს კი უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” განუსაზღვრელი ვადით კეტავს “რაზდახანისა” და “სინაგურის” პუნქტებს”.

გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ცხინვალის მიერ “სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთებში თბილისის მხრიდან სიტუაციის დაძაბვა, აქედან გამომდინარე კი, ოპერატიული სიტუაციის გამწვავება”. 

მანევრის მიზანი აშკარაა – რაც ნაკლები ინფორმაციაა დახურვამდე, მეტი ადამიანი დარჩება მომწყვდეული ხაფანგში, რაც თავის მხრივ, წარმოქმნის მეტ ჰუმანიტარულ პრობლემას და მეტ არგუმენტაციას ვაჭრობისთვის: თქვენ პოსტს აიღებთ, ჩვენ საზღვარს გავხსნით.

“ხაფანგში” გამომწყვდევას იმიტომ ვარქმევ, რომ ლენინგორის მცხოვრებლები, ვისაც არც სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის პასპორტი გააჩნია, უბრალოდ, ვერსად გადავლენ – ქვემო “ზარამაგს” ქართული პასპორტით ვერ გადაკვეთენ, შესაბამისად, შემოვლითი, ზედა ლარსის გზით საქართველოში ვერ ჩავლენ.

ეს ყველაფერი “ვაჭრობისთვის კარგი ნაკრებია”. უფრო მეტი სავაჭროც შეიძლება ყოფილიყო, რომ არა რუსი მესაზღვრეები, რომლებიც პირველ სექტემბერს დადიოდნენ რაიონის სოფლებში და ხალხს აფრთხილებდნენ, რომ 3 სექტემბერს საზღვარი სამუდამოდ დაიკეტება. ამიტომაც ისინი, ვისაც არ უნდოდა დარჩენა სამხრეთ ოსეთში, შეეძლოთ საქართველოში გადასულიყვნენ. ლენინგორში არ შესულან, ალბათ, ფრთხილობდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეემჩნიათ. თუმცა ამის გარეშეც მალევე გავრცელდა ინფორმაცია რაიონში საზღვრის დაკეტვაზე.

შედეგად, 2 სექტემბერს “რაზდახანთან” საქართველოს მიმართულებით ავტომობილების კილომეტრიანი რიგები გაჩნდა. იმ დღეს მხოლოდ ლენინგორი 400-მდე ადამიანმა დატოვა.

მათ კი, ვინც ჭორებს არ ენდო, სასაზღვრო კრიზისის ტყვე აღმოჩნდა, უფრო ზუსტად, პრეზიდენტის რეპუტაციის გადარჩენის გეგმის ტყვე.

რა თქმა უნდა, მათ დახოცვას არავინ აპირებს, არც ვინმე ემუქრებათ, მათ მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, თუმცა საქართველოში წასასვლელი გზის ჩაკეტვა ნელ-ნელა კლავს, პირდაპირი გაგებით. 

მათ შორის, ვინც რაიონში ჩარჩა, პენსიონერების დიდი ნაწილია – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პენსიას წეროვანში იღებდნენ. საქართველოში არსებული გრიპის ეპიდემიის მოტივით “რაზდახანის” წინა ორთვიანი ჩაკეტვა ძლივს გადაიტანეს. მოხუცები ჯერ ეკონომიურად ცხოვრობდნენ, შემდეგ კი – ვალებით… კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ასე ყოფნა, ერთი წელი, ორი? 

ცალკე ამბავია – პაციენტები. ადამიანები ვერ დადიან გეგმურ ოპერაციებზე, მორიგ ქიმიოთერაპიებზე, ოპერაციის შემდგომ სამკურნალო თერაპიებზე. ბევრი ვერ აგრძელებს მკურნალობას იმ წამლების გამოლევის გამო, რომელსაც თბილისში ყიდულობდნენ. სამხრეთ ოსეთში ზოგიერთი წამალი საერთოდ არც იშოვება.  

აკრძალვები სასწრაფო შემთხვევებსაც შეეხება. წინა პერიოდებში რაზდახანის” გამშვები პუნქტით თბილისის კლინიკებში უშვებდნენ “ მძიმე პაციენტებს. გადაწყვეტილებას რაიონული საავადმყოფოს ექიმები იღებდნენ. ისინი რაიონის გამგებელს ან მის მოადგილეს უკავშირდებოდნენ, რომელიც თავის მხრივ, მესაზღვრეებს უკავშირდებოდა, რათა “სასწრაფო” გაეტარებინათ. ამ დროს უკვე ქართველი ექიმებიც გაფრთხილებული იყვნენ. ადგილობრივ სასწრაფოს შვიდი-რვა წუთი სჭირდებოდა ქართულ ბლოკ-პოსტამდე, სადაც ქართული რეანომობილი ხვდებოდათ. თუკი რაიონული ხელმძღვანელობა სწრაფად რეაგირებდა ექიმების თხოვნაზე, პაციენტი ქართულ კლინიკაში უკვე 30-40 წუთში იყო.

დღეს კი ეს პროცედურაც აბსურდამდე დაიყვანეს. ლენინგორის ექიმები იძულებული არიან, პაციენტები ცხინვალში გაგზავნონ ჰოსპიტალიზაციისთვის.

ობიექტური მიზეზებით, სამედიცინო სერვისი ცხინვალში, რბილად რომ ვთქვათ, თანამედროვე მოთხოვნების შეუსაბამოა. ამიტომაც საათნახევრიანი [ოთხი უღელტეხილის გავლით] ტრანსპორტირების მთელი აზრი ისაა, რომ დაადასტურონ პაციენტის მდგომარეობის სირთულე და ჯანდაცვის ადგილობრივ სამინისტროში ისევ საქართველოში ჰოსპიტალიაციაზე მოთხოვნა გაგზავნონ.

თავის მხრივ, სამინისტრო მოთხოვნას მთავრობაში გზავნის. მთელი ეს პერიოდი კი პაციენტი რეანიმაციაში იცდის. თუ მთავრობა თანხმობას მისცემს, მაშინ “წითელი ჯვრის” ხაზით პაციენტს ერგნეთიდან ქართულ კლინიკაში გაატარებენ.

მთელი ეს პერიოდი, სანამ საზღვარი დაკეტილი იყო, რვა სასწრაფო შემთხვევიდან სამს მისცეს უფლება – ქართველს ქალს ინსულტით და ორ ოსს – ონკოლოგიურ ოპერაციაზე. ყველა, ვისაც ასე გაუმართლა, პასუხს 10 დღე ელოდა.

აბსურდის თეატრი იმაში მდგომარეობს, რომ მომაკვდავი ადამიანი ისე მიჰყავთ ცხინვალში, თავიდანვე იციან, რომ იქ კვალიფიციურ დახმარებას ვერ გაუწევენ. 

მაგრამ ეს ყველაფერი სავალდებულო ნაწილია თამაშისა, რომელმსაც პრეზიდენტის რეპუტაციის გადარჩენა ჰქვია.

ისევე როგორც ადამიანების სიცოცხლესთან ნებისმიერი თამაში, ეს ისტორიაც ვერ დასრულდებოდა ტრაგედიის გარეშე.

27 ოქტომბერს, საღამოს, სამოცდაათი წლის მარგო მარტიაშვილს, სოფელ იკოთის მკვიდრს ინსულტი დაემართა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც მალე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო მეტია  გადარჩენის შანსი. რომ არა პრეზიდენტის აკრძალვა, ნახევარ საათში გადაიყვანდა სასწრაფო პაციენტს ქართულ კლინიკაში. თუმცა ამის ნაცვლად ცხინვალიდან რეანომობილი გამოიძახეს, რომელიც საათანხევარი მოდიოდა ახალგორამდე და ამდენივე დრო დასჭირდა პაციენტის ცხინვალში ჩაყვანას მთის სერპანტინებით. ქალი 28 ოქტომბერს, დილით დაიღუპა. 

ქალს გადარჩენის ყველა შანსი წაართვეს. მას ეს შანსი პირადად ბიბილოვმა წაართვა იმიტომ, რომ სხვა შეზღუდვა, მიეღო დროული კვალიფიციური სამედიცნო დახმარება, ამ აკრძალვის გარდა არ არსებობდა.

თამაში, რომელიც პრეზიდენტს გაუგრძელდა, კრახისთვის არის განწირული, რადგან მისთვის კარგი არაფერი მოუტანია, გარდა რეპუტაციის შელახვისა.

ცხინვალელები, რა თქმა უნდა, შეშფოთებული არიან საქართველოს ქმედებებით  – მიიჩნევენ, რომ ქართული მხარის ქმედებები ისეთივე უსარგებლო, უგუნური და სიტუაციის დამძაბველია, როგორც ქართული ან ოსური სასაზღვრო დასახლებების რუსი მესაზღვრეების მიერ დაყოფა.

ამავე დროს, არ ფიქრობენ, რომ აღნიშნული ქართული საკონტროლო-გამშვები პუნქტი მათთვის საფრთხის შემცველია. რუსული მეოთხე ბაზის მფარველობით ცხინვალელები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ამიტომაც პუნქტების დახურვა ლენინგორებელებისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილის მიერ უკიდურესად ხისტ ზომად არის მიჩნეული. მით უმეტეს, ადამიანები არ არიან მზად, პაციენტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის თანამონაწილეები გახდნენ.

მაგრამ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ამ განწყობებს ვერ ამჩნევენ. მთავარსარდალს საკუთარი ლოგიკა აქვს.

მარგო მარტიაშვილის დაკრძალვაზე სამიდან ვერც ერთი შვილი ჩამოვიდა თბილისიდან. რაიონის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა ასე დაასაბუთა უარი: “განსაკუთრებული პოლიტიკური სიტუაცია განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს”. როგორც ამბობენ, ამ ფრაზის წარმოთქმისას მას საკმაოდ სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი