ახალი ამბები

თეოლოგები სინოდის განჩინების პასუხად განცხადებას ავრცელებენ

15 თებერვალი, 2021 • 750
თეოლოგები სინოდის განჩინების პასუხად განცხადებას ავრცელებენ

ექვსი თეოლოგი სინოდის განჩინების კანონიკურ შეფასებას ავრცელებს. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სინოდის მიმდინარე წლის სხდომის განჩინების მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის როგორც სახარებისეულ სულთან, ასევე, მის საფუძველზე შექმნილ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები დიდი წუხილით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი იერარქები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ არჩევენ დაპირისპირებებისა და მტრის ხატის შექმნას”, – ნათქვამია თეოლოგების განცხადებაში.

თეოლოგები ამბობენ, რომ თავს მოვალედ თვლიან გაუზიარონ განჩინების შემდეგი სახის საღვთისმეტყველო-კანონიკური შეფასება როგორც სამღვდელოებას და ეკლესიის მრევლს, ასევე მთელ საზოგადოებას: 

  • დავითგარეჯას მონასტერთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით  სინოდი არღვევს საკუთარი კომპეტენციის საზღვრებს და სადავო ვითარების შესახებ  დაუბალანსებელი ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის განცხადებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ასევე, ბრალდებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლებრივ მდგომარეობას;
  • პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით სინოდი ცალსახად არ გამოხატავს ზრუნვას ადამიანთა სიცოცხლის დაცვაზე, როდესაც მისი ორაზროვანი განცხადებებით ხელს უწყობს ეკლესიაში სამღვდელოების უდიდესი ნაწილის მიერ ვაქცინის შესახებ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიების ქადაგებას. ნიშანდობლივია, რომ არცერთი ამგვარი ქადაგება არ იქნა დაგმობილი, რაც გამოიწვევს მოსახლეობის სიცოცხლისთვის და სულიერი მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელი ფანატიკური ცრურწმენების დაუბრკოლებლად გავრცელებას. ვაქცინაციაზე მსჯელობა საერთოდ არ არის წმინდა სინოდის კომპეტენცია. ქრისტიანობისთვის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია, შესაბამისად, აქ შემოდის უშუალოდ მედიცინისა და მეცნიერების კომპეტენცია, ეკლესია არ უნდა შევიდეს კონფრონტაციაში და არ უნდა მოახდინოს მორწმუნეების დაბნევა. პირიქით, მაგალითის მიმცემიც კი უნდა იყოს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის დაცვა-მოფრთხილების კუთხით. ამის კარგი მაგალითი აჩვენეს მსოფლიო პატრიარქმა, რომის პაპმა თუ სხვა მაღალმა იერარქებმა საჯაროდ აცრისას. ამის საპირისპიროდ რიგი უმაღლესი იერარქები და სასულიერო პირები ამბიონიდან მოუწოდებდნენ მორწმუნეებს და საზოგადოებას, აჯერებდნენ მათ ეპიდემიის სიცრუეში. ეს სასულიერო პირები საკუთარი მოყვასისადმი გამოჩენილი უპასუხისმგებლობით, გულცივობით, სასულიერო წოდების ბოროტად გამოყენებისათვის, ადამიანების სიცოცხლით თამაშით უნდა იქნენ საეკლესიო სასამართლოს მხრიდან დასჯილნი. საპატრიარქომ გამოავლინა ძალიან სუსტი სოციალური მსახურება და სოციალური სინდისი პანდემიის პერიოდში, როდესაც გაცილებით მეტი რესურსი გააჩნდა. ამის ნათელი მაგალითია სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, (რუმინეთის, კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის და სხვანი) რომელთა ცალკეულმა ეპისკოპოსებმა, საპატრიარქოებმა თუ ორგანიზებულად მორწმუნეებმა სხვადასხვა ფორმით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ეპიდემისათან ბრძოლაში, იქნებოდა ეს ფინანსური, მორალური თუ ცოცხალი მხარდაჭერა.  სინოდის სხდომაზე მღვთელმთავრების ნიღბების გარეშე გამოცხადება კიდევ ერთი მაგალითია საერთო პანდემიური მდგომარეობისა და შექმნილი კრიტიკული სიტუაციის იგნორირებისა.
  • „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ ორგანიზაციის შესახებ სინოდის მიერ მიღებული დადგენილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ეკლესიაში გავრცელებულ და თვითონ სინოდის მიერ გასულ წელს გამოხატულ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მცდარ ეკლესიოლოგიურ შეხედულებას სამღვდელო ხარისხისა და მისი მონაწილეობით აღსრულებული საეკლესიო საიდუმლოებების არსის შესახებ. ამ მცდარი შეხედულების მიხედვით გამოდის, რომ საეკლესიო რიტუალში გაუცნობიერებელი მონაწილეობა ითვლება თავისთავად მადლმოსილად. ეს შეხედულება აშკარა მსგავსებას ამჟღავნებს მაგიურ წარმოდგენებთან, რაც ეკლესიის სწავლებით მკაცრად არის დაგმობილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომბიბლიური საზოგადოებაწარმოადგებს რელიგიურ ორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური საერო სამართლებრივი თვალსაზრისით და ის სრულებით არ ქადაგებს რამე სახის სარწმუნოებას, რომელიც ან თანხმობაში, ან წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან. შესაბამისად, ის ახალგაზრდები, რომლებიც მასში მხოლოდ ჯარში გაწვევისაგან თავის ასარიდებლად არიან გაწევრიანებული, არ აღიარებენ მართლმადიდებლობისგან განსხვავებულ სარწმუნოებას და არც მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებულ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობენ. ამიტომ ვერ ჩაითვლებიან მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობისა და  საეკლესიო საიდუმლეობების უარმყოფელებად. სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიები (მათ შორის  მართლმადიდებლური) ინტერნეტისა და ციფრულ ეპოქაში ახალგაზრდებთან ქრისტიანობასა და რწმენაზე სასაუბროდ უამრავ გზებსა თუ ხერხებს ეძიებენ. სპეციალურად ახალგაზრდებისთვის არსებობს საეკლესიო მსახურებები, შეხვედრები თუ რელიგიური ტიპის ბანაკები, უამრავი პასტორალური ინიციატივა, იქმნება მათთვის გასაგებ ენაზე წმინდა წერილი და მრავალფეროვანი რელიგიური ლიტერატურა, ხორციელდება უამრავი საეკლესიო ინიციატივა და ღონისძიება, რათა საერთო ენა იპოვონ ახალგაზრდა თაობებთან, მოუსმინონ მათ გამოწვევებს, წუხილსა თუ პრობლემებს. ამ დროს, ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით, ათასობით ახალგაზრდა შენივე წიაღიდან (საეკლესიო ერთობიდან) მოწყვიტო და საერთოდ სურვილი დაუკარგო მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნისა, რამ უნდა გაიძულოს? რა გონებამ? რა საეკლესიო პოლიტიკამ? რა საღვთისმეტყველო არგუმენტმა? ყველამ ვიცით „ბიბლიური თავისუფლების“ ეს მცდელობა, რომელიც მიმართული იყო ახალგაზრდების  ერთწლიანი მონობისაგან დასახსნელად. ასეთ შემთხვევებში  სწორედაც  ქრისტიანული ეკლესია უნდა იყოს სახელმწიფოს (გინდ კერძო სექტორის) მხრიდან ადამიანების მისამართით მსგავსი ან სხვა შინაარსის მატარებელი ბოროტების წინააღმდეგი. დღევანდელი სავალდებულო სამხედრო სამსახური თავისი ფორმითა თუ შინაარსით საერთოდ არ ემსახურება ახალგაზრდებში სამხედრო მომზადებისა თუ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, არამედ წარმოადგენს დაკანონებულ ექსპლუატაციას და ისედაც ხანმოკლე წუთისოფელში ადამიანთათვის ერთწლიანი მონაკვეთის ძალადობრივად წაგლეჯას;   
  • მომდევნო რამდენიმე დებულებაში (4-ე და 10-ე დებულებები) სინოდმა უხეშად დაარღვია როგორც სამღვდელო პირის თავისუფალი გამოხატვის უფლება, ასევე, ეპისკოპოსის კანონიკური დამოუკიდებლობა მის შიდაეპარქიულ საქმიანობაში. პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი საეკლესიო კანონი არ უკრძალავს საერო ან სასულიერო პირს, კრიტიკული აზრი გამოთქვას უმაღლესი იერარქების მიმართ. ეს თავისუფლება სათავეს იღებს ადამიანის როგორც ღვთის ხატად შექმნილის შესახებ დოგმატური სწავლებიდან. ასე გვასწავლის წმინდა იოანე დამასკელი: „მისცა რა ღმერთმა ადამიანს, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად სახელვდებთ, რადგანხატისებრიობაგონისმიერობასა და თვითუფლებრიობას აღნიშნავს” (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა 26). სწორედ ამ ხატების დასაბამიერ დიდებაში აღსადგენად განხორციელდა ღვთის ძე, რომელიც შემდეგ მის მოწაფეებს მიმართავს: „უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“ (იოან. 15:15). აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მასაზრდოებელი პიროვნების თავისუფლებისა და აზროვნების, რაც არის ღვთის ხატება, იძლევა ძალაუფლების მართებული გაგების საღვთისმეტყველო კრიტერიუმს. ეს არის ქრისტეს მიერ ადამიანის გადასარჩენად გაღებულ მსხვერპლში გაცხადებული ღვთის სიყვარული. შესაბამისად, არსებობს უფლის სათნო ძალაუფლების ერთადერთი  სახე — სიყვარული, ხოლო მისი განხორციელების ფორმა — მსახურება მოყვასისადმი. უფალი მის მოწაფეებს ასწავლის: „ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური“ (მარკ. 9:35). განკაცებული ღვთის სიტყვა, ვის მიერაც შეიქმნა სამყარო, თავად გვაძლევს უსაზღვრო სიყვარულისა და მოყვასის თავმდაბლობით მსახურების საოცარ მაგალითს საიდუმლო სერობის წინ მის მოწაფეთა ფეხთბანვით (იოან. 13:1-16), რომლის დასასრულ უფალი არიგებს მოწაფეთ: „რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ“ (იოან. 13:15);
  • ამგვარი სიყვარულითა და თავმდაბლობით განსაზღვრული ძალაუფლება ეკლესიაში გულისხმობს დაქვემდებარებული საეკლესიო ხარისხებისა და მორწმუნეთა მთელი ერისგან თანხმობის მიღების აუცილებლობას ეკლესიის მართვის საქმეში, ეკლესიის ერთსულოვნებას და ერთობას ეკლესიის წინამძღვართან, რაც ნიშნავს ეკლესიის მთელი სხეულის თანამონაწილეობას მის მმართველობაში. საეკლესიო მმართველობის სწორედ ამ საღვთისმეტყველო პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს ცალკეული პატრიარქებისა თუ ეპისკოპოსების, ასევე ეპისკოპოსთა კრების, სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განჩინებები, რომლებიც საჭიროებენ საღვთისმეტყველო-კანონიკური დასაბუთებით საეკლესიო ერისთვის გაცნობასა და მისგან თანხმობის მიღებას. აქედან გამომდინარე, მამა ილია ჭიღლაძეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სასულიერო თუ საერო პირს, აქვს სრული უფლება და ასევე მოვალეობაც გააკრიტიკოს იერარქთა საეკლესიო სწავლებისათვის და ქრისტიანული ზნეობისათვის შეუსაბამო  ქმედებები და ქადაგებები. რაც შეეხება, ეპისკოპოსის მიერ მის ეპარქიაში მსახური სამღვდელო პირისთვის განტევების სიგელის პატრიარქთან შეთანხმების მოთხოვნას, უნდა გვახსსოვდეს, რომ საეკლესიო კანონების თანახმად, სასულიერო პირთა დასი შედგება სამი საფეხურისგან (დიაკონი, ხუცესი, ეპისკოპოსი), რომელთაგან ეპისკოპოსი არის უმაღლესი სასულიერო პირი, ვისზეც აღსრულდება ხელდასხმის საიდუმლო. პატრიარქს აქვს მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიის საერთო მმართველობის საკითხში უმაღლესი ადმინისტრაციული ძალაუფლება. თანასწორუფლებიანი ურთიერთობა უმაღლეს ადმინისტრაციული ძალაუფლების მატარებელ იერარქსა და რიგით ეპისკოპოსს შორის რეგულირდება „მოციქულთა კანონების“ 34-ე კანონის თანახმად, რომელიც განაჩინებს: „ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან, ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმინდის მადლით.“ ამიტომ, უპირველეს საეკლესიო იერარქს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეპისკოპოსის შიდაეპარქიულ საქმეებში, თუ ამ უკანასკნელის მოქმედების კანონიკურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ეპისკოპოსის მიერ მასზე დაქვემდებარებული სამღვდელო პირის კანონიკური დასჯა ან მისთვისგანტევების სიგელისბოძება სხვა ეკლესიის იურისდიქციაში გადასასვლელად წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებას, როგორც ეს ტრულის კრების (692 წ.) მე-17 კანონშია ასახული.

“გულისტკივილით აღვნიშნავთ რა სინოდის განჩინებაში არსებულ გადაცდომებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებებიდან, გამოვთქვამთ იმედს, რომ წმინდა სინოდი გაითვალისწინებს ჩვენს შვილობრივი მორჩილებითა და სიყვარულით გამოხატულ შენიშვნებს. აგრეთვე, გამოვხატავთ ღრმა რწმენას, რომ ჩვენი ეკლესიის მრევლი კონკრეტულ სასულიერო პირთა სიყვარულზე მაღლა დააყენებს ქრისტეს და მისი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის საღვთისმეტყველო სწავლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ თეოლოგები: დოქტორი ზურა ჯაში, დოქტორი თამარ გოგუაძე, დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი გურამ ლურსმანაშვილი, ლიცენციატი მიხეილ ნებიერიძე და ლიცენციატი შოთა კინწურაშვილი.

საპატრიარქო სინოდის განჩინებას აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი