დღეს, 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატები გამოავლინეს. ესენი არიან:

  • საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში საპატრიარქომ გამოაქვეყნა ოქმი, რითაც სხდომის მიმდინარეობის დეტალები გახდა ცნობილი:

სხდომა გაიხსნა აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც მისმა მოსაყდრე შიო მუჯირმა გადაიხადა სინოდის წევრებთან ერთად.

სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). ჯერ კიდევ სხდომის დასრულებამდე გახდა ცნობილი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი). თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით არ ესწრებოდა ის სინოდის სხდომას.

მიტროპოლიტ ზოსიმეს გამოკლებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 38-მა მღვდელმთავარმა მიიღო.

სხდომის ოქმში წერია, რომ მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებს შესთავაზა, აზრი გამოეთქვათ საპატრიარქოს მართვა-გამგეობის დებულების იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების კრიტერიუმებს ადგენს. საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, ასევე უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება. ამის შესახებ სინოდის სხდომამდეც აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ოქმის მიხედვით, ამ საკითხებზე საკუთარი აზრი გამოთქვეს:

  • ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი);
  • ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია);
  • დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია);
  • ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია)

როგორც ირკვევა, ამ უკანასკნელმა არა მხოლოდ აზრი გამოთქვა, არამედ წერილობით წარადგინა საკუთარი მიმართვა სინოდისადმი. მიმართვით, რომელიც საპატრიარქომ საჯაროდ გამოაქვეყნა, მიტროპოლიტი ისაიამ კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ როგორც თავად წერს, არ აქვს სასულიერო აკადემიის დიპლომი.

“ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.

ყოველ მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვიჩნიეს ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.

გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია”, – წერს მიტროპოლიტი ისაია.

როგორც ჩანს, სინოდის წევრებმა მიტროპოლიტ ისაიას არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, რადგან რეგისტრირებულ 6 კანდიდატს შორის მისი სახელი აღარ იკითხება.

სხდომის ოქმის მიხედვით, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შემდგე, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა კენჭისყრაზე დააყენა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა

“წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი) ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება”, – წერია სინოდის სხდომის ოქმში.

საბოლოოდ, მღვდელმთავრებმა იმსჯელეს და დაადგინეს, რომ “სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება”.

აქედან გამომდინარე, კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატები იყვნენ არაუმეტეს 70 წლისა და ჰქონდათ სასულიერო სემინარიის დიპლომი. ესენი არიან:

  1.  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
  2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
  3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;
  4. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) – 1 ხმა;
  5. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) – 2 ხმა;
  6. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – 0 ხმა.

ოქმის მიხედვით, ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.

ახლა პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ უცნობია. გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ. ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქი ის გახდება, ვინც ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს. სინოდში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, შესაბამისად, პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 20 ხმა სჭირდება.