ახალი ამბები

გამოქვეყნდა სინოდის სხდომის ოქმი – UK-ის ეპარქიის ზედამხედველობა ილია მეორემ გადაიბარა

15 თებერვალი, 2023 • 1284
გამოქვეყნდა სინოდის სხდომის ოქმი – UK-ის ეპარქიის ზედამხედველობა ილია მეორემ გადაიბარა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს 14 თებერვლის სინოდის სხდომის განჩინებას.

სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრებმა სულ 5 საკითხი განიხილეს. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა:  “დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად”.

სინოდის სხდომაზე ასევე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი.

“მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან”, და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის. წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი).

გარდა ამისა, სხდომის ოქმის თანახმად  ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, “ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა”.

“აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა. წმიდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს”, – ნათქვამია სხდომის ოქმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი