ახალი ამბები

#ნინისგამო – იგეგმება 100-დღიანი კამპანია 14 წლის გოგოს დაღუპვის გამო

12 თებერვალი, 2021 • 1159
#ნინისგამო – იგეგმება 100-დღიანი კამპანია 14 წლის გოგოს დაღუპვის გამო

სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები 100-დღიანი კამპანიის დაწყებას გეგმავენ. კამპანიის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის ნინი ცეცხლაძემ ქობულეთში თავი მოიკლა.

კამპანიამ უნდა მოიცვას სხვადასხვა სახის აქცია, პერფორმანსები, საჯარო ლექციები და სხვა. ორგანიზატორები კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ საჯარო და კერძო უწყებებს.

დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ქალთა ორგანიზაცია „საფარის“ წევრები შეიკრიბნენ, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ მთავარი მოთხოვნები გაახმიანა. ორგანიზაცია ამბობს, რომ გარდაცვლილი ბავშვი სისტემის მსხვერპლია, რომელმაც მისი დაცვა ვერ შეძლო.

ორგანიზაციის პირველი მოთხოვნა გაუპატიურების მუხლის შეცვლაა. დღევანდელი კანონმდებლობით გაუპატიურება არ ითვალისწინებს მსხვერპლის თანხმობის საკითხს. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ, მსგავსი ბევრი შემთხვევა გამოუძიებელი რჩება.

გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლი და ინიციატივა, რომელმაც ეს შეიძლება შეცვალოს

ამ მოთხოვნით ქალთა ორგანიზაციებმა პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ წერილით მიმართეს, თუმცა, როგორც დღეს ნეტგაზეთს უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ უთხრა, პარლამენტს ამ წინადადებაზე მუშაობა არ დაუწყია.

„საფარის“ მიერ გახმიანებულ მოთხოვნათა სრული სია გამოიყურება ასე:

  1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;
  2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
  3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;
  4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.

რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის ნინი ცეცხლაძემ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე მისი გაუპატიურების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა

პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე


სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

 

[red_box]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი