პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს.
დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ ტელეგრამ არხებზე მითითებით გაავრცელა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს — თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს აქვს შარვალი ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურა 10-მა კაცმა, ბადრაგი ესწრება და ჩანს კამერაში ყველაფერი. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩნდეს, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც“, — ამბობს დავითაძე.
მისი თქმით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შევიდა.
„კაცს ვუყვები, გამაუპატიურეს-მეთქი. თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, პირში მეუბნება, დააპაუზეთ კადრები… რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა — „მოტყ…ლს“, „ქათამს“, „დღეიდან ნახმარი ხარ“ რომ მეძახიან. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია, ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს“, — ამბობს პატიმარი სასამართლოზე.
მსჯავრდადებულმა მოსამართლეებს უთხრა, რომ დაიწყებს შიმშილობას, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული. მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
პატიმრის დედა ირმა დავითაძე ამბობს, რომ ოჯახი ბადრაგების გარდა №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე უნდა დაისაჯოს.
„რაც მე დღეს მოვისმინე გიორგსი სასამართლოზე, რაც მან გააჟღერა, ეს არის შოკის მომგვრელი, თუ რა ხდება ციხეებში და კერძოდ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში. დირექტორი ტრაპაიძე არის მოძალადე, არაადამიანი… ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ ციხიდან. მე მოვიძიე მასალები წინა წლებშიც, თუ რას სჩადის ეს არაკაცი ტრაპაიძე. მოვითხოვ, მოხსნან და მოაშორონ ასეთი არაადამიანები. მათ შორის გიორგი კვარაცხელია — ერთ-ერთი ბადრაგი, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე საშინელი მოძალადე. არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველას გიორგის გვერდით არ დაგსვამთ ცრუ მოწმეებს, ტრაპაიძეს სანამ ციხეში არ ვნახავ“, — განაცხადა ირმა დავითაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.
„ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება“, — აცხადებს პენიტენციური. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები. უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“, — აცხადებს პენიტენციური სამსახური.
გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების” სიით შევიდა და იქ ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.
პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და მასზე ძალადობა სისტემატურად ხორციელდება.
„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის თქმით, ციხეში მის შვილზე ძალადობენ
