ნეტგაზეთი | პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე – Netgazeti
RU | GE  

პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე

წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც გამოძიება ამბობს, მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეურვის ნებართვით საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. შესაბამისად, ამ საქმეზე „ბათუმელების“ კითხვებს ადვოკატი ანა თავხელიძე პასუხობს.

  • ანა, რაზე მეტყველებს მოზარდის სუიციდის ფაქტი, რომელი უწყებების სისუსტე ან გულგრილობა ჩანს ამ საქმეში?

რამდენიმე სახელმწიფო უწყების მხრიდან ჩანს ვალდებულებების დარღვევის საქმე. რადგან, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბავშვთან სოციალური მუშაკი მუშაობდა, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ მხედველობის მიღმა დარჩენოდა ასეთი მძიმე ტრავმა და ძალადობა, რაც ბავშვმა გადაიტანა. თუ ჰქონდა ინფორმაცია, მაშინ რა გააკეთა მან, რა ზომები მიიღო. თუმცა ვხედავთ, რომ ვერაფერიც ვერ გააკეთა, რადგან ფსიქოლოგიც არ ჩართეს ბავშვთან სამუშაოდ.

ასეთ შემთხვევებში კი, არა მარტო ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ჩართვაც საჭიროა იმდენად მძიმე ტრავმაა ეს ბავშვისთვის. ამიტომ, პირველი ჩავარდნა ის არის, რომ სათანადოდ არ იმოქმედა სოციალურმა მუშაკმა.

  • როგორ ფიქრობთ, კვალიფიკაციის პრობლემაა აქ თუ გულგრილობის?

არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე. როცა დეტალებს ვნახავთ და შევისწავლით, უფრო დავადგენთ, მაგრამ ფაქტია, რომ უწყებამ ამ ნაწილში დაარღვია ბავშვის უფლება. აქ ისიც მნიშვნელოვანია, თუ სოციალურმა მუშაკმა უფრო ადრე გაიგო და პოლიციას არ შეატყობინა. შეუტყობინებლობის ნაწილშიც შეიძლება გაჩნდეს მის მიმართ კითხვები.

  • როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, სოციალურ მუშაკს ბოლოს 4 თებერვალს ჰქონდა შეხვედრა ბავშვთან.  

დიახ, მას ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება პოლიციის ნაწილს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა წამსაც პოლიციაში შეტყობინება შევიდა, იმ მომენტში ყველა პასუხისმგებელი სუბიექტი უნდა ჩართულიყო ბავშვთან. დავუშვათ, რომ სოცმუშაკმა ვერაფერი გაიგო, გამორჩა მხედველობიდან არაკომპეტენტურობის ან სხვა რამის გამო, პოლიციაში ხომ შევიდა შეტყობინება?

პოლიციას, თავის მხრივ, ავტომატურ რეჟიმში უნდა გაეკეთებინა შეტყობინება სოცმუშაკისთვის, რომ ძალადობის ნაწილში ემუშავა ბავშვთან და ასევე დაუყოვნებლივ ჩართულიყო ფსიქოლოგი. როგორც წესი, სექსუალური ძალადობის საქმეებზე გამოკითხვები და ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებები ფსიქოლოგის თანდასწრებით ხდება ხოლმე. მათ შორის ექსპერტიზების ჩატარებაც, იმიტომ, რომ დაცული იყოს ბავშვის ემოციური უსაფრთხოება და ზიანი არ მიადგეს მას.

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, პოლიციამ რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი არ გააკეთა ამ საქმეზე, არ მიიღო დაუყოვნებლივ ზომები სავარაუდო მოძალადის დასაკავებლად. პოლიციასთან ერთად პროკურატურის პრობლემაცაა, რადგან ბრალდებულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს და მათ ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

თუმცა, ასევე გაიჟღერა ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევამაც და ესეც ვერ დარჩება შეფასების მიღმა წარმოუდგენელია. პოლიციამ თუ ბავშვი სათანადოდ გამოკითხა, ყველა შესაძლო ასპექტი უნდა გაეთვალისწინებინა, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტორიც და ამაზეც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. ობიექტური და სამართლიანი გამოძიების პირობებში უნდა ჰქონოდა პოლიციას ეს ინფორმაცია და უნდა მიეღოთ ყველა ზომა.

  • უნდა დადგეს თუ არა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია მოზარდის მდგომარეობაზე, თუმცა არაფერი მოიმოქმედა მის გარდაცვალებამდე?

დღეს ხომ იცის შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მათმა თანამშრომლებმა არაკომპეტენტურობით, არაკვალიფიციურობით თუ დამოკიდებულების გამო არ მიიღეს ყველა ზომა ბავშვის დასაცავად და პრევენციული ზომები არ გაატარეს? მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს აუცილებლად. ამ კუთხით ველოდებით, რომ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადაიდგმება. იმისთვის, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან დადასტურდეს, აუცილებელია მოკვლევა, ზოგ შემთხვევაში გამოძიება შესაძლოა დაიწყოს, მაგალითად, სამსახურებრივი გულგრილობის ან სხვა სახის დარღვევაზე.

  • რადგან ჩართული ხართ ამ საქმეში, ხომ არ მიგიღიათ ოფიციალურად რაიმე დოკუმენტი, სადაც ჩანს, როდის დაიწყო ოფიციალურად პოლიციამ გამოძიება?

ჩვენ ეს დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან ახლა მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. გვჭირდება საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა რომ ვნახოთ, ზუსტად რა ინფორმაცია ჰქონდა პოლიციას და შევაფასოთ მათი მხრიდან დარღვევები იყო თუ არა.

  • ხომ არ გქონიათ გარდაცვლილი მოზარდის დასთან საუბარი, რომელიც ოფიციალურად მიიჩნევა ბავშვის მეურვედ. რას ამბობს, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით?

ამ დეტალებზე არ გვისაუბრია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. თანხმობა ავიღეთ მისგან, რომ ადვოკატად ჩავერთოთ და მისი როგორც დაზარალებულის ცნობა მოვითხოვოთ ამ საქმეში.

  • სკოლის როლს თუ ხედავთ ამ საქმეში, რა შეიძლებოდა მათ გაეკეთებინათ მოზარდის დასაცავად?

გვქონდა სკოლის დირექტორთანაც საუბარი, მისგან მაქვს ინფორმაცია, რომ სწავლის განახლების შემდეგ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბავშვი არ დადიოდა სკოლაში და როგორც დამრიგებელს უთქვამს, ბავშვი (ალბათ რომელიმე ოჯახის წევრის განცხადებით), სავარაუდოდ დადიოდა სტომატოლოგთან, ეს მიზეზი უთხრეს. თუმცა მას შემდეგ, რაც დეტალებს შევისწავლით, ყველა შესაძლო პირისგან მივიღებთ ინფორმაციას, შესაძლებელია სკოლის მხრიდანაც გამოიკვეთოს ვალდებულების დარღვევა.

  • რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ საქმის გამოძიება არ მივიდეს ბოლომდე?

როცა ვნახავთ სისხლის სამართლის დეტალებს, გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებითაც და შესაძლოა ამ ნაწილშიც გვქონდეს პრეტენზია პოლიციასთან. არ არის გამორიცხული, რომ მათ არ მოიპოვეს ბევრი მტკიცებულება, რადგან არ მიაქციეს საქმეს სათანადო ყურადღება და რიგი მიზეზების გამო ხელიდან გაუშვეს შანსი მტკიცებულებების შეგროვების.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com