ახალი ამბები

რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ

11 თებერვალი, 2021 • 1344
რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ

გუშინ, ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ თქვა, რომ მასზე 24 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“. ბაბუამ თქვა, რომ მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგეს ძალადობის შესახებ.

როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა პოლიციაშია გამოკითხვაზე. ქაქუთის სკოლის დირექტორის თქმით კი, გუშინ მან ოფიციალურად შეიტყო, რომ გამოძიება გოგოს მიმართ ჩადენილ ძალადობაზე 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ბათუმელები“ ცდილობს შს სამინისტროსგან შეიტყოს, რა გაკეთდა დეკემბრიდან დღემდე გამოძიებამ? – ბაბუამ თქვა, რომ „დაკავებული არ ყავდენ ის ბიჭი და ამაზე [გოგო] დარდობდა“.

როდის ჩატარდა ექსპერტიზა და რატომ ვერ მიიღო ოჯახმა ეს დასკვნა? – ბაბუამ თქვა, რომ გოგო „ელოდებოდა ექსპერტიზის ქაღალდს თუ რაც არის“.

რატომ დააკავეს სავარაუდო მოძალადე დღეს, ანუ მას შემდეგ რაც მედიამ გაავრცელა გოგოზე სექსუალური ხასიათის ძალადობისა და თვითმკვლელობის შესახებ? – გუშინ ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოძალადე დაკავებული არ არის.

მოზარდზე სექსუალურ ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, შეატყობინეს თუ არა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს? – სავარაუდოდ კი, რადგან ამ ორგანიზაციიდან მოგვწერეს, რომ ბოლოჯერ გოგონასთან სოცმუშაკს ვიზიტი 6 თებერვალს ჰქონდა.

თავად შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე არ გვიპასუხებენ, ანუ არაფერს გვეტყვიან გარდა იმისა, რა ინფორმაციაც დღეს გაავრცელეს. არადა გამოძიების დაწყებიდან თითქმის 2 თვე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი