ახალი ამბები

EMC: ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა

10 თებერვალი, 2021 • 1051
EMC: ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა.

ორგანიზაცია დღეს, 10 თებერვალს, ოფიციალური განცხადებით მიმართავს  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ითხოვს, რომ სააგენტომ დაუყოვნებლივ განახორციელოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება და შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები. შპს „ენკა რინიუებლზის“ მიმართ კი გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.

“შპს “ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან ქვემო ნამახვანის ჰესზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება აღარ გააჩნია. სათანადო მშენებლობის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაო კანონმდებლობის უგულებელყოფასა და სამართალდარღვევას წარმოადგენს.  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, როგორც მშენებლობის ნებართვის გამცემი და სამშენებლო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე ორგანო, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს და აღკვეთოს უკანონო მშენებლობის პროცესი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 28 თებერვლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, ქვემო ნამახვანის ჰესის მშენებლობის დაწყებამდე 25-მდე კვლევის შესრულება და წარდგენა დაევალა. შესაბამისი კვლევების არარსებობის მიუხედავად, 2020 წლის 22 აპრილს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ,საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაზე პირობადადებული სამშენებლო ნებართვა მაინც გასცა. კომპანიას ამავე ნებართვით უფლება მიეცა, ადგილზე არა მხოლოდ მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები, არამედ ძირითადი რიგის მიწის სამუშაოებიც შეესრულებინა. თუმცა ჩანაწერი, რომელიც კომპანიას აღნიშნული სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევდა, სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სამშენებლო ნებართვიდან ამოღებულია. შპს „ენკა რინიუებლზს“ დღეის მდგომარეობით ადგილზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების უფლება აღარ გააჩნია”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

EMC-ის განცხადებით, მიუხედავად სანებართვო პირობების შეცვლისა, მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები მაინც მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი