ახალი ამბები

4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დაინიშნენ

9 თებერვალი, 2021 • 824
4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დაინიშნენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე სახოკია ზურაბ ნასარაიას ჩაანაცვლებს.

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც 2005 წლიდან, ასევე, შინაგან საქმეთა სამინიტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძე, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული პოსტები ვაკანტური იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი