ახალი ამბებიეკონომიკა

სერიოზული, სოლიდური რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ – თურნავა

5 თებერვალი, 2021 • 793
სერიოზული, სოლიდური რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “პოსტ ტვ”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “სერიოზული” და სოლიდური რესტორნები ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის მოთხოვნით მიმდინარე პროსტესტში ჩართულნი არ არიან”. თურნავა მათ კანონმორჩილ ბიზნესს უწოდებს, რომელთაც დასაკარგი ბევრი აქვთ და თან ესმით, რომ ვიზიტორები გაურბიან ისეთ ქვეყნებს, სადაც არეულობაა.

“მიუხედავად იმისა, რომ ახლა წინა პლანზე გამოვიდა სარესტორნე ინდუსტრიის პროტესტი, სერიოზული, სოლიდური რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ, რადგან ზოგადად ტურიზმის ინდუსტრია, სარესტორნე თუ სასტუმრო, ეს არის კანონმორჩილი და მშვიდობიანი ინდუსტრია. ახლა წარმოიდგინეთ, დააანონსებულ პროტესტს სოციალური აფეთქება ჰქვია. ე.ი. სოციალური აფეთქება, ამბოხი, რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ტურიზმი ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსზე მყოფი ცნებაა. ტურიზმი არ შეიძლება იყოს რაღაც სოციალურ აფეთქებასთან, რადგან ტურისტი არ ჩამოვა ამ შემთხვევაში. ისინი კარგავენ საკუთარი ბიზნესის საფუძველს. აქედან გამომდინარე, დიდი კმაყოფილებით შემიძლია გითხრათ, რომ გამომდინარე ჩვენი კომუნიკაციიდან ტურისტულ ბიზნესსთან, და მართლაც ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს: ფიზიკურადაც ვხვდებით, ჩატებიც გვაქვს ერთმანეთთან და სულ ვცვლით ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან უჭირთ და ბევრი პრობლემის წინაშე დადგნენ, ბოლო მომენტამდე ამ დარგის სერიოზული, სოლიდური წარმომადგენლები ერიდებიან რაღაც ასეთ სპონტანურ პროტესტში.. ყველაზე არა, მაგრამ ბევრზე ვამბობ, რადგან მათ აქვთ დასაკარგი და აპრიორი კანონმორჩილი ბიზნესები არიან”,-აცხადებს თურნავა.

2 თებერვალს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ 6 თებერვალს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნებოდა, თუმცა გუშინ მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხნის შესახებ განაცხადა და 15 თებერვლიდან კვების ობიექტებს ღია სივრცეებში მუშაობის საშუალება მისცა. ამის გამო პროსტეტი დროებით გაუქმდა. დააანონსებული აქცია პირველი შემთხვევა არ იყო. რესტორნებისა და კაფეთა ნაწილმა პროტესტის ფორმას მიმართა 30 იანვარსაც. შედეგად, თბილისში ათობით კაფე/რესტორანი გაიფიცა და მუშაობა [გატანის სერვისი] შეწყვიტა.

მთავრობის მიერ შეზღუდვების ნაწილის მოხსნის დაანონსების მიუხედავად, მოძრაობა “სირცხვილია” 6 თებერვალს, 20:00 საათზე პარლამენტთან “დაუმორჩილებლობის მარშს” არ აუქმებს. აქტივისტების თქმით, საზოგადოებრივმა პროტესტმა შედეგები გამოიღო, თუმცა ბიზნესის სხვადსხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია, ძალაში რჩება კომენდანტის საათიც, კრიზისის მართვის გეგმა კი არ არსებობს.

ეკონომიკის სხვადასხვა სექოტორის ამუშავების მოთხოვნით 6 თებერვალს, 14:00 საათიდან 18:00 საათმდე აქცია გაიმართება პარლამენტის შენობის წინაც.

“სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია, კომენდანტი რჩება” – “სირცხვილია” აქციას არ აუქმებს

მასალების გადაბეჭდვის წესი