ახალი ამბები

რესტორნები საპროტესტო გახსნის აქციას აუქმებენ

5 თებერვალი, 2021 • 914
რესტორნები საპროტესტო გახსნის აქციას აუქმებენ

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 6 თებერვალს დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდება და რესტორნები/კვების ობიექტები თვითნებურად აღარ გაიხსნება.

ბურჯანაძის თქმითვე, ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი აფასებს იმ თანმხვედრ ნაბიჯს, რაც ხელისუფლებამ გადადგა. საუბარია მთავრობის მიერ მიღებულ იმ  გადაწყვეტილებაზე, რაც ღია ტიპის რესტორნებს 15 თებერვლიდან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, შაბათ-კვირის გარდა.

“დღევანდელი გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, არის ის, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და ამ რეგულაციების ფარგლებში რეტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს არის იმ გადაწყვეტილების გარკვეულწილად დაფასებაც, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად სარესტორნო ბიზნესითვის 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედი დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. ამასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ეს პროცესი რესტორნების უმრავლესობისთვის, მით უფრო ამ ამინდში, სარგებლის მომტანი არ არის. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე [რაც იყო], შეიძლება ითქვას, ძალიან მინიმალურია, მაგრამ უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტსა და სკოლების გახსნას ეხება. ამას ერთობლიობაში და რესტორნებთან მიმართებაშიც განვიხილავ, ჩვენს თანამშრომლებს უკვე შეეძლებათ ტრანსპორტით იმგზავრონ და რესტორნებისთვის ეს ხარჯი არ იყოს”,-აცხადებს ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება და კორონავირუსის ყოველდღიური გამოვლინება ასეთი დარჩა, ხოლო ხელისუფლება რესტორნებს მუშაობის საშუალებას მაინც არ მისცემს, ე.წ. დამოურჩილებლობის აქცია აუცილებლად გაიმართება. მისივე თქმით, შაბათს დაანონსებული აქცია, რა დროსაც რესტორნები თვითნებურად უნდა გახსნილიყვნენ, თუ ვითარება არ შეიცვალა, თებერვალში აუცილებლად გაიმართება:

“დღეს შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ ეს “დამოურჩილებლობის აქტი” თუ “სიცოცხლის ბრძოლის აუცილებლობა” რამოდენიმე კვირით გადაიწევს, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ის, რაც შაბათისთვის ითქვა [რესტორნების გახსნა], ეს შეიძლება ამ თვის რომელიმე შაბათს განხორციელდეს, თუ რეალურად ნაბიჯები არ გადაიდგა.”

2 თებერვალს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ 6 თებერვალს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნებოდა.

“სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა.

რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ, შაბათს, 6 თებერვალს, გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი”,-დაწერა Facebook-ზე ქოქიაშვილმა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც რესტორანთა და კაფეთა ნაწილმა პროტესტის ფორმას მიმართა 30 იანვარს თბილისში ათობით რესტორანი და კაფე გაიფიცა და მუშაობა [გატანის სერვისი] შეწყვიტა.

გუშინ, 4 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული წესების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის გარდა, კომპანიები მთავრობისგან სუბსიდირებას ან სხვა სახის დახმარებას ვეღარ მიიღებენ:

“ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართული დარღვევა დაწესებული წესების, უმკაცრესი დასჯის გარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხირდან იმ დახმარებასა და სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური დახმარების ღონისძიებებით. ამას გარდა, მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას.”

მთავრობის მიერ შეზღუდვების ნაწილის მოხსნის დაანონსების მიუხედავად, მოძრაობა “სირცხვილია” 6 თებერვალს, 20:00 საათზე პარლამენტთან “დაუმორჩილებლობის მარშს” არ აუქმებს. აქტივისტების თქმით, საზოგადოებრივმა პროტექსტმა შედეგები გამოიღო, თუმცა ბიზნესის სხვადსხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია, ძალაში რჩება კომენდანტის საათიც, კრიზისის მართვის გეგმა კი არ არსებობს.

ეკონომიკის სხვადასხვა სექოტორის ამუშავების მოთხოვნით 6 თებერვალს, 14:00 საათიდან 18:00 საათმდე აქცია გაიმართება პარლამენტის შენობის წინაც.

“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხელისუფლების მიერ არაკონსტიტუციური და გადაჭარბებული აკრძალვებით დაზარალებულ ყველა სექტორს და მათი მხრიდან, შაბათს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის განხორციელების პარალელურად, ვგეგმავთ მათ მხარდასაჭერ აქციას! 6 თებერვალს, შაბათს 14 საათიდან – 18 საათამდე, პარლამენტის შენობის წინ”,-წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

“სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია, კომენდანტი რჩება” – “სირცხვილია” აქციას არ აუქმებს

მასალების გადაბეჭდვის წესი