საზოგადოება

გაძვირებული კაფე-ბარები: როგორ დაბრუნდა „გარეთ დავლიოთ და ისე შევიდეთ“

18 ნოემბერი, 2022 • 2644
გაძვირებული კაფე-ბარები: როგორ დაბრუნდა „გარეთ დავლიოთ და ისე შევიდეთ“

სალათა — 18 ლარი , კოქტეილი — 25 ლარი, ნამცხვრის ნაჭერი — 9 ლარი.

ინფლაციისა და ფასების მატების გამო, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველოში საგრძნობლად გაძვირდა კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში სიარულის ფასი. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს არ მიუწვდება ხელი სოციალიზაციისა და რეკრეაციის საშუალებაზე.

სარესტორნო ბიზნესი ამბობს, რომ ინფლაციისა და მუდმივად მზარდი ფასების გამო თავადაც უჭირთ მუშაობა, ფასების ზრდა კი ერთადერთი გამოსავალია გადასარჩენად.

სიძვირის მიუხედავად, თბილისის კაფე-ბარები უქმე დღეების საღამოებში გადავსებულია. მომხმარებელთა დიდი ნაწილი რუსულენოვანია. პარალელურად კი, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს გართობის ალტერნატიულ, უფრო იაფ გზებს.

„მეგობრები ვხუმრობთ, მგონი, ისევ სტუდენტები გავხდით, სადმე წასვლამდე სახლში რომ ვსვამდითო“

გაძვირებულ გართობაზე საუბრობენ ყველგან — თავად კაფე-ბარებში, სოციალურ ქსელებში, სამეგობრო წრეებში. ამაზე იქმნება მიმებიც და ტიკტოკ ვიდეოებიც.

მიმის ავტორი: „გაუკვალავი“

ჩვენ ვთხოვეთ რამდენიმე რესპონდენტს, მოეყოლათ კაფეებსა და ბარებში სიარულის თავიანთი გამოცდილების შესახებ.

ლელა ჯავახიშვილი

ადრეც და ახლაც ჩემს მეგობრებს კაფეებსა და ბარებში კვირაში  რამდენჯერმე ვხვდებოდი და ვხვდები. მგონია, რომ თბილისში, სულ მცირე, 1.5-ჯერ არის ფასები გაზრდილი. ზოგიერთ ადგილას, სადაც მანამდე დავდიოდით, თუ გვჭირდებოდა 20 ლარი ერთ ადამიანზე, ახლა 45 ლარი მაინც მჭირდება, ან ზოგჯერ 50-იც, რაც ჩემთვის უკვე ძალიან ძვირია და, რა თქმა უნდა, ეს მიბიძგებს, რომ ხანდახან უარი ვთქვა შეკრებაზე.

რაკი რუსთავშიც ვცხოვრობ, მეგობრების დიდი ნაწილი აქ მყავს და აქაც მიწევს ხოლმე გასვლა. სულ რამდენიმე კაფე გვაქვს რუსთავში, მაგრამ აქაც გაზრდილია ფასები მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი თბილისთან შედარებით ყოველთვის ყველა მიმართულებით იაფი იყო და მათ შორის, კაფეებშიც. თუ აქამდე, მაგალითად, პიცა ღირდა 12 ლარი, ახლა იგივე პიცა ღირს 18 ლარი. საკომისიოც, ცხადია, იგივე დარჩა, მაგრამ გაძვირებულ ფასს რომ ემატება, უფრო მეტი გამოდის ჯამური ღირებულება.

გამოსავალი, რომელიც ვიპოვეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და რითიც ვახერხებთ ძველებული ფასებით სარგებლობას, არის სოციალური კაფეები.

რუსთავში არის ასეთი, ჰქვია „კაფუნე“, სადაც საკომისიო არის 10% და ფასები არის საკმაოდ დაბალი. ამ სოციალურ კაფეებში კვლავ საკმარისია 20 ლარი იმისთვის, რომ ვთქვათ, სამსახურიდან თუ მოვდივარ, ვჭამო და დავლიო კიდეც. არ ვიცი, თბილისში არის თუ არა მსგავი ადგილი, მაგრამ რუსთავში ეს ყველაზე გამოცდილი პრაქტიკაა.

ფასებმა პირველად აიწია კორონავირუსის პანდემიის დროს და მეორედ უკვე მაშინ, როდესაც ეს კრიზისი დაიწყო. რა თქმა უნდა, სოციალურ კაფეებს აქვთ თავიანთი სოციალური და იდეოლოგიური დანიშნულებაც, რაც ასევე ძალიან ძვირფასია, მაგრამ პრაგმატული თვალსაზრისითაც უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლია ძალიან იაფად ძალიან კარგი რაღაცები იყიდო.

ლელა ჯავახიშვილი. ფოტო: პირადი ფოტოკოლექცია

მანამდე თუ რაღაც ინტენსივობით ვხვდებოდი ჩემს მეგობრებს, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ამ გადაწყვეტილებას, მიღირს თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს შემოსავალი წინა წლებთან შედარებით, შეიძლება უფრო მეტიც, ჩვენი ხარჯებიც ისე გაიზარდა, რომ ვცდილობთ, სხვა ალტერნატივა ვიპოვოთ. ალტერნატივა ზოგჯერ არის არშეკრება საერთოდ და უბრალოდ, სოციალურ ქსელში ლაპარაკი.

რაც შეეხება სახლში შეკრებას, როგორც ალტერნატივას, ამაზე გვიფიქრია სამეგობრო წრეში, მაგრამ პროდუქტების გაძვირების ფონზე არ ვარ დარწმუნებული, ეს რამდენად შეღავათიანი ალტერნატივა შეიძლება იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ოფისში ვმუშაობდი პანდემიამდე, მაშინ ძირითადად ჩემს სამსახურთან ახლოს არსებული სუპერმარკეტიდან ან სწრაფი კვების ობიექტებიდან ამომქონდა ხოლმე საჭმელი. ოფისში დაბრუნების შემდეგ უფრო მეტად დავიწყე საჭმლის სახლიდან წამოღება.

ახლა ყოველდღე არ მიწევს ოფისში სიარული, მაგრამ იმ პერიოდებში, როდესაც მოვდივარ, თანამშრომლები თუ „იძახებენ“ საჭმელს რომელიმე ობიექტიდან, მე არასდროს ვარ ხოლმე მათ რიცხვებში და მირჩევნია სხლში გავიკეთო რამე და წამოვიღო, რადგან ამისი ფასიც არის ჩემთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი — თუ მე ყოველდღე შევუკვეთავ ამ საჭმელს მიტანის სერვისებით, ჩემი შემოსავალი აღარ ეყოფა სხვა ყველა ხარჯთან ერთად და ამიტომ ამაზე უარს ვამბობ.

ელენე თარხნიშვილი

ბოლო 6 თვეში გასამმაგდა ფასები იმდენად, რომ ევროპაში უფრო იაფად იცხოვრებ, პლუს უკეთეს დროს გაატარებ, ვიდრე აქ. ამ ზაფხულს ბარსელონაში კოქტეილში რომ 3 ევროს ვიხდიდი, იგივე კოქტეილი 32 ლარად შევუკვეთე ერთი თვის სხვაობით ბათუმში. რესტორანზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, ულუფა შემცირებული, ფასები კი გასამმაგებულია.

შემიძლია ვთქვა, რომ შარშან ლანჩზე ხშირად გავდიოდი გარეთ, ახლა არასდროს არ გავდივარ, ყოველთვის დამაქვს სამსახურში. ვახშამიც მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი, რადგან პრინციპულად აღარ მიღირს, მაგალითად, აჭარულ ხაჭაპურში 28 ლარის გადახდა ან პიცაში 50 ლარის (რეალური ფასები, რომელიც ამ ზაფხულს ჩემი თვალით ვნახე ბათუმში).

სასმელს რაც შეეხება, მე ერთზე მეტ კოქტეილს მაინც არასდროს ვსამდი, მაგრამ წარმომიდგენია, რა რთულია ადამიანებისთვის, ვინც 2-3-ს მაინც სვამს და 100 ლარს ხარჯავს ერთ ღამეში სასმელში. ამას ემატება, სადმე რომ ხარ გვიანობამდე და ტაქსი 5 კილომეტრში 25 ლარს გიწერს.

ჩემ გარშემო ყველა სულ ამაზე ვბჭობთ და განვიხილავთ, რაღაც მომენტში იმაზეც ვიხუმრეთ, მგონი, ისევ სტუდენტები გავხდით, სადმე წასვლამდე სახლში რომ ვსვამდით და მერე გავდიოდითო. მგონი, მალე ეგ დროც მოვა.

ანი თენიეშვილი

ბოლო რამდენიმე თვეა საგრძნობლად მოიმატა ფასებმა ყველაფერზე. ფასების ზრდა, თავისთავად, გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მართალია, ძირითადად უალკოჰოლო სასმელებს შეეხო ინფლანცია, მაგრამ ზეგავლენა ალკოჰოლირ სასმელებზეც იქონია. შესაბამისად, კაფეებსა და ბარებშიც ფასები საგრძმობლად მოიმატა.

რეალურად რომ შევხედოთ, წლებია ინფლანცია ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ აირიდა, რაც ახალი არ არის, გავიხსენოთ 15-10 წლის წინ ფასები ბარებში და კაფეებში და ახლა. გასათვალისწინებელია ის, რომ მოსახლეობის შემოსავლების ზრდა უნდა უსწრებდეს ფასების ზრდას. ჩვენთან კი ყველაფერი საპირისპიროდაა, რაშიც მე პირადად ხელისუფლებას ვადანაშაულებ, მათი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, კორუფციისა და საგარეო ვალების ბრალია.

ამ ყველაფერს ემატება არსებული სიტუაცია, უამრავი ტურისტი, მომატებული ფასები. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა ბარში ან კაფეში ყავის დალევა.

საბოლოო ჯამში, როდესაც ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავალი, ჩვენი კეთილდღეობა უარესდება. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა შემოსავალი ფიქსირებულია (შრომის ანაზღაურების სახით მიღებულ შემოსავალს ვგულისხმობ), ინფლანციის წნეხს ყველაზე მეტად განიცდიან. მაგალითად, ისევ ბარებში მომუშავე პერსონალები რომ ავიღოთ, დღიურად მოჭრილი ანაზღაურებით შეუძლებელია ახალგაზრდამ თვიდან თვემდე იცხოვროს.

ვერ ვხვდები, საქართველოს სტუდენტების უმრავლესობა თვიდან თვემდე როგორ არსებობს. რა თქმა უნდა, მშრომელ ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლებზე.

ანი. ფოტო: პირადი ფოტოკოლექცია

ადრე უფრო ხშირად დავდიოდი ბარებში, მაგრამ ახლა უბრალოდ სხვა ინტერესები მაქვს. თუ საინტერესო ღონისძიებაა ან ბათუმში მზიანმა ამინდმა შემიქმნა გამწყობა, ახლაც დავდივარ სანაპიროზე ჩემს საყვარელ კაფეში. ფასების ზრდამ იმოქმედა ჩემს ფინანსებზე ისევე, როგორც უმრავლესობაზე.

მქონია ისეთი შემთხვევებიც, რომ უარი მითქვამს, რადგან პრიორიტეტული სხვა საკითხი იყო, ვიდრე კაფე ან ბარი. ასე თუ ისე ფასების ზრდამ არჩევნის წინაშე დაგვაყენა ადამიანები. ვფიქრობ, ფასების ცვლილება ყველას შეეხო. შემთხვევები ყოფილა და ბოლო დროს უფრო ხშორად სახლებში ვიკრიბებით, მაგრამ ამის მიზეზი უბრალოდ ჩვენი სურვილია. ასევე პარკში და ბულვარში შეუძლებელია არ გახვიდე, როცა კარგი ამინდია ბათუმში. ერთ-ერთი ნათელი წერტილია ქალაქის. შესაბამისად, მეც და ჩემი მეგობრებიც მანდ დავდივართ ხოლმე, სანამ საჯარო სივრცე გვაქვს. ალბათ, უახლოეს მომავალში თანხის გადახდა მოგვიწევს, რომ ჰორიზონტი ვნახოთ.

გართობა საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე სტამბოლში — რამდენიმე სტატისტიკური მაგალითი

საქართველოში რომ კაფე-ბარებში სიარული ძვირია, ამას ადასტურებს საერთაშორისო სტატისტიკაც.

სხვადასხვვა ქვეყნის მაგალითის შედარებისთვის პორტალი numbeo გამოვიყენეთ, რომლის მონაცემთა ბაზაც ემყარება თბილისში არსებულ ქსელურ მაღაზიათა, ასევე ინტერნეტში არსებულ საჯაროდ ხელმისაწვდომ ფასებზე – კაფეების, ბინებისა თუ სხვა. საიტი სხვა ქალაქბისთვისაც იმავე მიდგომას იყენებს.

მონაცემთა ბაზის თანახმად, თბილისის ბარ-რესტორნებში სიარული ბევრ ევროპულ ქალაქზე ძვირია. მაგალითად, საშუალო სიძვირის კაფე-რესტორნებს თუ ავიღებთ – 1 კერძი ვარშავაში თითქმის 20%-ით იაფი ღირს. თბილისთან შედარებით ერთი კერძი უფრო იაფია პრაღასა და ბუდაპეშტშიც. თბილისში 1 ჭიქა კაპუჩინო უფრო ძვირია, ვიდრე რომში და ბარსელონაში.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა პორტალის მიხედვით თბილისსა და სტამბულს შორის ფიქსირდება.  თბილისში, საშუალო სიძვირის რესტორანში, ერთი კერძი დაახლოებით 25 ლარი ღირს, სტამბულში კი – 13,17 ლარი. 2 ადამიანზე გათვლილი კერძი თბილისში 100 ლარი ჯდება, ხოლო სტამბულში – 58,55. თბილისში უფრო ძვირია მაკდონალდსშიც ჭამა, კაპუჩინო და 1 ბოთლი წყალიც კი.

ერთადერთი, რაც სტამბულში საგრძნობლად უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში – ლუდია.

სტამბულისა და თბილისის ფასების შედარება. წყარო: numbeo

რა არის გაძვირების მიზეზი — ეკონომისტის შეფასება

სარესტორნო სექტორში ფასების მატების შესაძლო მიზეზებზე ნეტგაზეთთან თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, სალომე დეისაძემ ისაუბრა.

ეკონომისტმა რამდენიმე მიზეზი გამოყო, მათ შორის პირველი არის სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატება.

„რამდენიმე წელია, განსკაუთრებით პანდემიიდან,  გვაქვს სურსათის ფასებზე ორნიშნა ინფლაცია, ანუ წლიდან-წლამდე ფასები იზრდება, შესაბამისად, იზრდება მთავარი რამ, რაც კაფე-რესტორნებმმა უნდა შესთავაზონ მომხმარებელს.

მეორე განმაპირობებელი მიზეზი ფასების მკვეთრი ზრდისთვის გაზრდილი მოთხოვნაა. კერძოდ, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოსული ნაკადების ხარჯზე“, — გვიხსნის ის.

ფასების ზრდაზე ზეგავლენის მოხდენა ასევე შეძლო საწვავის ფასმა, რომელიც „წლიურ ჭრილში არის გაზრდილი და თავის მხრივ აძვირებს სხვადასხვა მომსახურებას. ასევე, ელექტროენერგიაზე გაზრდილმა ფასებმა – ეს ტარიფებიც გასული წლების განმავვლობაში გაიზარდა და შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფები ნიშნავს, რომ რესტორატორებს უძვირდებათ სერვისის მიწოდების ხარჯები, რაც შემდეგ აისახება მათ მიერ მიწოდებული სერვისის ფასზე“.

სალომე დეისაძის თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს იჯარის ფასის ზრდა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

„პანდემიის პერიოდშიც გაიზარდა სურსათზე ფასები. თუმცა იმ პერიოდში ასე მკვეთრად არ გაზრდილა რესტორნებისა და კაფეების ფასები, რაც გარკვეულწილად იყო განპირობებული იმით, რომ იმ პერიოდში მოთხოვნა იყო შედარებით ნაკლები. ახლა კი, როდესაც მოთხოვნა ამ სექტორზე კიდე უფრო იზრდება – თავისთავად იწვევს ფასების ზრდას“.

ერთი კაფე-ბარის პერსპექტივა

ვაშლოვანის ქუჩაზე არსებული ბარი „მოზაიკა“ უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის ბარებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. პანდემიისა და ინფლაციის ფონზე „მოზაიკაშიც“ გაიზარდა ფასები, თუმცა, როგორც ნეტგაზეთთან მისი დამფუძნებელი ირაკლი არეშიძე ამბობს – დღემდე ბარი ყველაფერს აკეთებს, რომ ფასები უფრო არ გაზარდოს.

„ჩვენ მოგვიწია ფასების ზრდა, ასე ვთქვათ, „პირველი ტალღის“ დროს, მაშინ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა და [ნიშნული] 3 ლარს რომ იყო გადაცილებული. ყველაფერი გაძვირდა იმ დროს — საჭმელი და სასმელიც, ყველა მთავარი დისტრიბუტორი გაძვირდ. ჩვენი მარჟა რაც იყო, ვეღარ გახდებოდა ვეღარასდროს.. 10%-იც აღარ იყო ნამატი და ვეღარ ვიხდიდით ვერაფერს. მაშინ გავაძვირეთ.

და მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ფასები აღარ იაფდება, არაფერი აბსოლუტურად. მეტიც, ლარი გამყარდა, მაგრამ რაღაცები მაინც ძვირდება ეტაპობრივად. ახლაც ძლივს ვიკავებთ ამ ფასებს იმიტომ, რომ ჩვენი სეგმენტისთვის დიდი დარტყმა იქნება, რომ გავაძვიროთ. მაგრამ შეიძლება, მაინც მოგვიწიოს გაძვირება, იმიტომ, რომ ბარიდან მოგება აღარ არის..თუმცა იმის გამო, რომ ვწელავთ და იქამდე, სანამ მართლა უკანასკნელი საჭიროება არ დადგება, მართლა არ ვამატებთ – ამის ხარჯზე მაინც ნორმალურად ვმუშაობთ. შემოსავალი არის, უბრალოდ მოგება არ არის“, — ამბობს ირაკლი არეშიძე.

სხვა მსგავსი დაწესებულების მსგავსად, „მოზაიკამ“ უნდა გადაიხადოს როგორც მუდმივი ხარჯი, როგორიცაა, მაგალითად, ქირა და ხელფასები, ასევე პროდუქტების ფასიც. და რაკი პროდუქტები ცალკე აღებულად არ ძვირდება, ერთი პროდუქტის გაძვირება ყოველთვის ჯაჭვურად აძვირებს სხვა პროდუქტებს – „გაძვირებას მოჰყვება ის, რომ მაგალითად, მეპატრონე უფრო აძვირებს თავის მხრივ გადასახადს, იმაზე რომ არ ვთქვათ, რომ შპს-ებისთვის უფრო დიდია კომუნალურების გადასახადიც“.

მოზაიკის ბარის მაგიდა. ფოტო: მოზაიკის ფეისბუკ გვერდი

„ჩვენ ისეთი ადგილი ვართ, რომ რაც უფრო აცივდება, ჩვენთან, უფრო იმატებს მომხმარებელთა რაოდენობა. თუმცა [ახლა, ფასების მატების ფონზე] შეიძლება უფრო ნაკლები იყიდონ, უფრო ნაკლები დალიონ. ადამიანები მაინც ცდილობენ, რომ მოვიდნენ, მაგრამ ადრე თუ მომხმარებელი დალევდა 3-4 ბოთლ ლუდს, ახლა დალევს უფრო ნაკლებს. ჩემი დაკვირვება უფრო ასეთია. პარასკევს და ვიქენდის დღეებში მუშაობა უფრო აქტიურია, კვირების დღეებში კი დააკლდა.

ჩვენ მაინც იაფ ბარად მიგვიჩნევენ, რადგან განსაკუთრებით არ ვაძვირებთ, მაინც მგონია, რომ ეს ადამიანებისთვის ერთგვარი შეღავათია ჩვენი მხრიდან. რაღაც ნაბიჯი,  თუ შეიძლება ასე ითქვას. როდესაც მუშაობ ერთსა და იმავე ადამიანებზე, როდესაც წლებია გიცნობენ… თან ვიცნობთ ამ ხალხს და სხვა კავშირია ჩვენ შორის. შესაბამისად, ზოგადი ტენდენციისთვის, შესაძლოა, ჩვენი მაგალითი არ გამოდგეს“, — ამბობს არეშიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

რაც შეეხება რუსულენოვან მომხმარებლებს, ირაკლი არეშიძის თქმით, „მოზაიკაშიც“ იმატა ასეთმა მომხმარებელმა, თუმცა ნელ-ნელა თბილისში ცალკე გაიხსნა სივრცეები, სადაც რუსულენოვანი კონტიგენტი იკრიბება. მან ერთი საინტერესო დაკვირვების შესახებაც გვიამბო:

„ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ: რაც რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, ჭაჭა იყიდება უფრო მეტი. ალბათ იმიტომ, რომ იაფია, უკეთ გათრობს. ერთ შოტს სვამ და ბევრი რაღაც აღარ გჭირდება – ეფექტია იაფად. კოქტეილებს ისე ხშირად აღარ სვამს ხალხი, უფრო იაფფასიანს და ისეთ სასმელს, რომელიც უკეთ და უფრო სწრაფად გათრობს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი