ახალი ამბები

მივესალმებით საათობრივი შეზღუდვის მოხსნას, თუმცა მნიშვნელოვანია ქორწილების და ა.შ. დაშვებაც – ბურჯანაძე რესტორნებზე

24 ნოემბერი, 2021 • 1159
მივესალმებით საათობრივი შეზღუდვის მოხსნას, თუმცა მნიშვნელოვანია ქორწილების და ა.შ. დაშვებაც – ბურჯანაძე რესტორნებზე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე დადებითად აფასებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ბიზნესობიექტისთვის, მათ შორის რესტორნებისთვის, საათობრივი შეზღუდვა უქმდება. თუმცა, როგორც ბურჯანაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში შეზღუდვები მოიხსნას ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვაზეც, როგორიცაა ქორწილები, დაბადების დღეები და სხვა.

მისი განმარტებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა შესაძლებელი უნდა გახდეს “მწვანე სტატუსის” მქონე ისეთ დაწესებულებებში, სადაც მომსახურე პერსონალიც დააკმაყოფილებს “მწვანე პასპორტის” კრიტერიუმებს:

“ბიზნესი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნასთან დაკავშირებით. რეალურად, ამ ნაბიჯს ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ. ასევე [მთავრობასთან] დათქმა არის, რომ დაკვირვების შედეგად გადავალთ შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს დაბადების დღეების, ქორწილების და მსგავსი ღონისძიებების ამუშავებას, რომ “მწვანე ზონაში” ესა თუ ის ღონისძიება იქნას დაშვებული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოთხოვნა არ არის ეპიდემიისას ყველა შეზღუდვის მოხსნა ისეთი ბიზნესოპერატორებისთვის, ვისაც რეალურად “მწვანე ზონა” არ აქვს. ამ შემთხვევაში “მწვანე ზონად” ვგულისხმობ, რომ “მწვანე პასპორტის” კრიტერიუმს არა მხოლოდ სტუმარი, არამედ მომსახურე პერსონალიც აკმაყოფილებდეს”, – განმარტა ბურჯანაძემ “ნეტგაზეთთან”.

მისი განმარტებით, მთავრობის პოზიციაა, რომ 1 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით დააკვირდებიან კონკრეტული დაწესებულებისთვის შეზღუდვების მოხსნის გავლენას კორონავირუსის გავრცელებაზე და ამის შემდეგ დაიწყება ამ საკითხზე მსჯელობა.

დღეს, 24 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ე.წ. მწვანე სივრცეების სტატუსით სხვადასხვა ობიექტებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ, მათ შორის არიან კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, საკონცერტო დარბაზები, გასართობ ცენტრები, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების  საბაგირო გზები. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი