ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 2 პუნქტით გაუარესდა – The Economist

3 თებერვალი, 2021 • 1915
საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 2 პუნქტით გაუარესდა – The Economist

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, The Economist Intelligence Unit-ის 2020 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 2019 წელთან შედარებით გაუარესებულია.  მონაცემებს ჟურნალი “ეკონომისტი” აქვეყნებს.

ინდექსში საქართველო 165 ქვეყანას შორის 91-ე პოზიციაზეა. 2019 წელს ქვეყანა 2 პუნქტით ზემოთ იყო.

გაუარესებულია საქართველოს საერთო ქულაც 10-ბალიან სკალაზე: ამჟამად ქვეყანას 5.31 ქულა აქვს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5.42-ს შეადგენდა, 2018-ში კი – 5.50-ს.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, 3.57 ქულა, საქართველოს ისევ მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს, თუმცა 2019 წელთან შედარებით ეს ციფრი მცირედით გაუმჯობესებულია. მაშინ ქვეყანას ამ კრიტერიუმით 3.21 ქულა ჰქონდა.

ყველაზე კარგად (7.83 ქულა) კვლავ საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი შეფასდა. 6.11 ქულა აქვს საქართველოს პოლიტიკური თანამონაწილეობის კომპონენტში, 3.75 – პოლიტიკური კულტურის,  ხოლო 5.29 – სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში. უკანასკნელ ორ კომპონენტში მდგომარეობა გაუარესებულია.

დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, 2019 წლის მსგავსად, ისევ მე-19 ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება. რეიტინგში ქვეყანას კვლავ მეზობელი სომხეთი უსწრებს, რომლის მაჩვენებელიც 2016 წლის შემდეგ პირველად გაუარესდა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეიტინგში 7.90 ქულით ესტონეთი ლიდერობს. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი აზერბაიჯანს აქვს, რომელიც 146-ე ადგილზეა.

რუსეთი რეიტინგში 124-ე ადგილს იკავებს. წინა წელს ის 134-ე პოზიციაზე იყო. ავტორთა თქმით, ავტორიტარულ რეჟიმებად კლასიფიცირებული ქვეყნების მდგომარეობა, რომელთა შორის რუსეთიც მოიაზრება, მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა დემოკრატიული რეფორმების კუთხით გრძელვადიანი პროგრესი კვლავ არ არის მიღწეული. შესაბამისად, ინდექსზე მომუშავე გუნდი მომდევნო წლებში ამ სახელმწიფოებთან მიმართებით მნიშვნელოვან პროგრესს არ ელის.

თურქეთის პოზიცია, რომელიც 104-ე ადგილზეა, 6 პუნქტით არის გაუმჯობესებული. ამას “ეკონომისტი” რამდენიმე ფაქტორით ხსნის. ერთ-ერთი არის ოპოზიციური “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” გაუმჯობესებული რეიტინგი გამოკითხვებში და მისი მაღალი შედეგები 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში. ამასთან, ავტორთა თქმით, მზარდია მოქალაქეთა ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი და დემონსტრაციებში მონაწილეობის სურვილი.

თუმცა სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში თურქეთის პოზიცია ისევ ყველაზე დაბალია დასავლეთ ევროპაში.

მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის (165 სუვერენული სახელმწიფო და 2 ტერიტორია) დემოკრატიის ინდექსის საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს, რომელიც 9.81 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი