ახალი ამბები

გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს — კრამონი

11 თებერვალი, 2022 • 2807
გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს — კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება „ეკონომისტის“ დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მონაცემების გაუარესებას.

„გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე უკუსვლას აგრძელებს. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთიც კი უკეთესები არიან. ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა აგრძელებს გადახრას ავტორიტარული მეზობლებისკენ, როგორიცაა აზერბაიჯანი და ლუკაშენკოს ბელარუსი“, — წერს კრამონი Twitter-ზე.

ჟურნალ „ეკონომისტის” ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის 2021 წლის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით გაუარესდა.

10-ქულიან შკალაზე საქართველოს საერთო ქულა 5.12-ია, მაშინ, როცა 2020 წელს 5.31 იყო. დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება. ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულაა 10, ხოლო მინიმალური – 0. საქართველოს  ყველაზე მაღალი ქულა (5.95) 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებდა. ბოლო წლებში საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში კლების ტენდენციით ხასიათდება.

2021 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველო, ისევე როგორც წინა წელს, 167 ქვეყანას შორის 91-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება.

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესებას განაგრძობს

მასალების გადაბეჭდვის წესი