ახალი ამბები

საქართველოს “დემოკრატიის ინდექსის” ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს რეგიონში

9 იანვარი, 2019 • 3659
საქართველოს “დემოკრატიის ინდექსის” ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს რეგიონში

ანალიტიკური კვლევითი კომპანია The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსის კვლევის თანახმად, რომელსაც ჟურნალი “ეკონომისტი” აქვეყნებს, საქართველოს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

10-ქულიანი სისტემით, საქართველოს 2017 წლის მაჩვენებელი (5.93 ქულა) 2018 წელს 5.50-მდე შემცირდა. ქვეყნების საერთო რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილს იკავებს, მაშინ, როდესაც 2017 წელს 79-ე ადგილზე იყო.

“საქართველოს [დემოკრატიის ინდექსის] ვარდნა ყველაზე მკვეთრი იყო რეგიონში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მაისში პოლიტიკაში დაბრუნდა, განაახლა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ არჩეული თანამდებობა არ უკავია,  მთავრობის პოლიტიკა შეცვალა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ივნისში გადადგა და მისი გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად ივანიშვილთან უთანხმოებები დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ასევე ჩაერია საპრაზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივით. ამან მთავრობას მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციასთან შედარებით”, – ნათქვამია კვლევაში “დემოკრატიის ინდექსის” შესახებ.

2018 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და ყირგიზეთთან ერთად, ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში რჩება.

აღმოსავლეთ ევროპის ჰიბრუდულ რეჟიმებს შორის დემოკრატიის ინდექსის ყველაზე გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვს სომხეთს, რომლის სარეიტინგო ქულა 4,11-დან 4,79-მდე გაიზარდა.

ევროპის მასშტაბით, დემოკრატიის ინდექსის თვალსაზრისით, ყველაზე მკვეთრი კლება შესამჩნევი იყო იტალიაში, ავსტრიაში, საქართველოში, უნგრეთში, რუსეთსა და თურქეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი